სასწავლო ფილმების პრეზენტაცია

სასწავლო ფილმების პრეზენტაცია

თსსუ–ის  ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტის ფსიქიატრიის მიმართულების პროფესორის თეიმურაზ სილაგაძის ინიციატივით, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ თანადგომითა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მომზადდა ვიზუალურ კომპონენტებზე დაფუძნებული სასწავლო–საგამოცდო ფილმები, რომელთა პრეზენტაციაც მიმდინარე წლის 19 მაისს მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეიტს დრამისა და კინოს სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორი გოგი თოდაძე, ფილმებში მონაწილე სტუდენტები, ფსიქიატრიისა და სხვა სამედიცინო დარგების სპეციალისტები.

ამჟამად მზად არის 15 სასწავლო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ანამნეზებზე, ფსიქიატრიული დაავადების განვითარების სხვადასხვა ფორმასა და  მიმდინარეობაზე.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დაინტერესებისა და თანადგომისთვის, ისაუბრა  სასწავლო ფილმების მნიშვნელობასა და  თსსუ–სა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამომავლო ურთიერთობასა და მეგობრობაზე.

„ვიზუალურ კომპონენტებზე დაფუძნებული სასწავლო–საგამოცდო ფილმები შეავსებენ სტუდენტების წარმოდგენასა და ფაქტობრივ ცოდნას“, – აღნიშნა პროფესორმა თეიმურაზ სილაგაძემ.

ასოცირებულმა პროფესორმა გოგი თოდაძემ მაღალი შეფასება მისცა ფილმებს. როგორც მან აუდიტორიას განუცხადა, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო  მომავალი მსახიობებისთვის და ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც განათლების სფეროში განხორციელდა.