სასწავლო სემინარი ტრენინგი-,,ვირტუალური კონტრაცეფციის კონსულტაცია

სასწავლო სემინარი ტრენინგი-,,ვირტუალური კონტრაცეფციის კონსულტაცია

პირველად საქართველოში, ევროპული აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია ქართულ ენაზე. ამ მნიშვნელოვანი პროექტის სახელწოდებაა ვირტუალური  კონტრაცეფციის კონსულტაცია (ვიკ).

ვიკ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ოჯახის დაგეგმვის ინტერაქტული, სასწავლო კომპლექსი, რომელიც  შემუშავებულია  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA )რეგიონული ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA RO) და აღმოსავლეთ ევროპის  რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტის  (EEIRH) მიერ. ცოტა ხნის წინ გაეროს რეგიონულ ოფისთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი, რის შემდეგაც თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტმა, ვიკ-ის შემქმნელებთან პარტნიორობით, დაიწყო ახალი პროექტი: ვირტუალური  კონტრაცეფციის კონსულტაცია.  პროექტს ხელმძღვანელობენ: თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა,  თსსუ-ის კლინიკის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გიორგი ცერცვაძე და თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია.  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული ოფისის წარმომადგენლები საქართველოში ლელა ბაქრაძე და გეგი მატარაძე.   

ვიკ - თვითმომზადების პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია ევროკავშირში და აქვს ათი კრედიტი, უკვე საქართველოდან გაუსვლელად, ნებისმიერ რეგიონში, ხელმისაწვდომი იქნება მსურველებისთვის, თანაც ქართულ ენაზე.  საბაზისო ტესტური პროგრამა, გამოცდის პროცესში,  140 კითხვას აძლევს მონაწილეს და 71%-ის  გადალახვის შემთხვევაში, აგზავნის საერთაშორისო სერტიფიკატს.

ვიკ  პლატფორმა შექმნილია სწავლების მართვის სისტემით,რომელიც მოიცავს სასწავლო პროგრამულ უზრუნველყოფას.  მნიშვნელოვანია, რომ ვირტუალური  კონტრაცეფციის კონსულტაცია არა მარტო ვარჯიშის საშუალებას აძლევს მონაწილეს, არამედ, სთავაზობს აუცილებელ სახელმძღვანელოებსა და ლიტერატურის დიდ ჩამონათვალსაც. ამასთანავე, გაეროს განვითარების ფონდმა გაითვალისწინა საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიკ არის უფასო. გამოცდის დრო  ევროპაში  მკაცრად განსაზღვრულია და 2 საათია. დრო საქართველოსთვის არის ულიმიტო. როგორც თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ აღნიშნა, ყველა პირობაა შექმნილი, რომ სერტიფიკატის მიღების მსურველებმა შეძლონ მიზნის მიღწევა.  ამისთვის ფუნქციონირებს  აკრედიტებული ორდღიანი ტრენინგი  ექიმებისთვის, მეან-გინეკოლოგებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის.

საერთაშორისო სერტიფიკატი ექიმის მაღალი კვალიფიკაციის დასტური იქნება, რეზიდენტებისთვის კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პორტფოლიოს შესავსებად. თსსუ-ში, რეზიდენტურის პროგრამაში, დანერგვის პროცესშია პორტფოლიოს სისტემა, რაც  პილოტირებას უკვე გადის მეან-გინეკოლოგიაში.

ვირტუალური  კონტრაცეფციის კონსულტაციის პროექტის ფარგლებში, თსსუ-ში უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ვინც ცოტა ხნის წინ  თსსუ-ის რეზიდენტები იყვნენ და ახლა სერტიფიცირებული ექიმები არიან. სამმა მათგანმა პირველივე ცდაზე აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი.

თუ გაქვთ შეკითხვები, კომენტარები, ან ვიკ წვდომის პრობლემა, მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33  ადმინისტრაციული კორპუსი,  VII სართული.