სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საირმეში

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საირმეში

სამედიცინო განათლების და პროფილური, პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის შერწყმის ეფექტურობა სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა პროფესიული ზრდის თვალსაზრისით საყოველთაოდ აღიარებული კანონზომიერებაა. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართებით.
ამ საკითხის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურების მოწმენი წლეულს, აგვისტოში, კურორტ საირმეში აღმოჩდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე.

სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ აბულაძე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ნანა ნაცაური, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ხატია სახამბერიძე და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი სოფიკო გულუა მთელი მონდომებით, ენთუზიაზმით, გულისყურით და სერიოზულობით იყვნენ და არიან ჩართულნი საქართველოს ერთ-ერთი საკურორტო მარგალიტის - კურორტ საირმის მენეჯმენტსა და სამედიცინო სერვისში. ნანა ნაცაური კურორტ საირმის რეაბილიტაციის ცენტრის მენეჯერის ურთულეს საქმეს უძღვება და უძღვება ღირსეულად, მარიამ აბულაძე და ხატია სახამბერიძე კურორტ საირმის პოლიკლინიკაში თერაპევტის თანაშემწის მოვალეობას ასრულებენ პირნათლად; მათთან ერთად კურორტის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული სოფიკო გულუა. ისინი კურორტის ადმინისტრაციის, სამედიცინო პერსონალის და დამსვენებლების პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ.

სტუდენტთა დასაქმების ასეთი ფორმა ხელს უწყობს მათ მიერ პროფესიული კომუნიკაციის ნიუანსების ათვისებას, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომელიც, შესაძლოა, ასეთი პრაქტიკული დაკვირვების გამოცდილების გარეშე, სათანადო ინტერესის საგანი უფრო გვიან გამხდარიყო.

ჩვენი სტუდენტების ამგვარი ჩართვა სამედიცინო საქმიანობაში, საფუძვლიან აკადემიურ განათლებასთან ერთად, მათი კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების საწინდარია.