სერტიფიცირების სისტემა – UNIcert-ი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სერტიფიცირების სისტემა – UNIcert-ი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მთავარი მიზანი განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემასთან ინტეგრირება და სწავლების მაღალი დონის მიღწევაა. ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. წელს კიდევ ერთი მონაპოვარით შეუძლია იამაყოს: სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში საქართველოში ერთადერთი, უცხო ენების  სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემა – UNIcert-ი დაინერგა. ეს იმას ნიშნავს რომ ამ ცენტრში მიღებული სერტიფიკატით სტუდენტს გზა ხსნილი აქვს ევროპის უნივერსიტეტებში. რაც ყველაზე მთავარია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის სივრცის გარეთ არსებულ პირველ ორგანიზაციას, რომელმაც მიიღო ასეთი აკრედიტაცია.

მანანა ქუთელია – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორი:

_ ევროგაერთიანების შექმნამ და სტუდენტთა მობილობის ზრდამ დღის წესრიგში დააყენა უმაღლესი სკოლების კურსდამთავრებულთათვის უცხო ენების ცოდნის ერთი სისტემით შეფასების საკითხი. ამ მიზნით შეიქმნა ევროპის უნივერსიტეტების და უმაღლესი სკოლების ენათა ცენტრების და უცხო ენების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება AKSამჟამად AKS-ში შედის გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, სლოვაკეთის და ჩეხეთის 100 მეტი ენების ცენტრი. AKS სისტემატურად ატარებს კონფერენციებსა და ვორქშოპებს.

 AKS-ი თავის მხრივ შედის CercleS-ში - უმაღლესი სკოლების ენების ცენტრების ევროპულ კავშირში (European Confederation of Language Centres in Higher Education), რომელიც დაარსდა 1991 წელს სტრასბურგში და 22 ქვეყნის დამოუკიდებელ გაერთიანებათა კონფედერაციაა ევროპაში. AKS-ში აკრედიტაციის მისაღებად თსსუ უცხო ენების ცენტრმა წარადგინა სასწავლო პროგრამები და გამოცდის მოდელი იმ ენებისათვის, რომელთა აკრედიტაცია გვქონდა განზრახული. მოხდა ამ რეგულაციების AKS-ის კომისიაზე განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მოცემა, რომელთა გათვალისწინების შემდეგ საბოლოოდ, 3 წლის ვადით მოგვანიჭეს  აკრედიტაცია.

ზემოაღნიშნული აკრედიტაციით ჩვენ გავხდით ევროპული ენების ცენტრების გაერთიანების წევრი, რაც გაზრდის ჩვენი ცენტრის საერთაშორისო ცნობადობას, ხოლო სტუდენტებს მისცემს საშუალებას მიიღონ ევროპაში აღიარებული საუნივერსიტეტო სერტიფიკატი და შესაბამისად, ჰქონდეთ უპირატესობა დასაქმების დროს.

UNIcert-ის სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემა შექმნილია გერმანიაში, 1992 წელს. ეს პროგრამა დაფუძნებულია უმაღლესი სკოლებისათვის ენების სწავლების სპეციფიკურ სისტემაზე, რომელიც ხელს უწყობს უცხო ენების ცოდნის სერტიფიცირებას უმაღლესი სკოლებისათვის.

სერტიფიკატი UNIcert® ეფუძნება ენების სწავლების ერთიან ევროპულ ჩარჩო პროგრამას და დონეებს, ისე რომ მასში დამატებითი გათვალისწინებულია უმაღლესი სასაწავლებლის სპეციფიკა. სერტიფიკატი აღიარებულია ევროპაში სტუდენტთა მობილობისას და მათი სპეციალობით დასაქმების დროს.

ეს არის სერტიფიკატი აკადემიური მიზნებისთვის, ამიტომაც ჰქვია  საუნივერსიტეტო სერტიფიკატი (UNIcert). ამჟამად, აკრედიტაცია გვაქვს 2 ენაში: ინგლისური, გერმანული (დონეები B2,C1).  

 UNIcert-ის სერტიფიკატის მისაღებად აუცილებლია იყო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგისტრი, დოქტორანტი, ან რეზიდენტი და გავლილი გქონდეს  უცხო ენის კურსი გარკვეული მოცულობით (240–დან     320სთ-მდე). მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი გამოცდაზე გასვლა.

ჩვენი ცენტრის შემთხვევაში, კურიკულუმით გათვალისწინებულ საათებს (90 სთ), ემატება ფასიანი კურსების საათები (180 სთ), რითაც შესრულდება UNIcert®-ის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო  საათების სავალდებულო მინიმუმი.

ჩვენი სერტიფიკატი ისეთივე ცნობადი იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გაცემული სერტიფიკატი.

B2 დონეზე შეგვიძლია ნებისმიერი განხრის სტუდენტი (მაგისტრანტი, დოქტორანტი...)  მივიღოთ, C1 გვაქვს მხოლოდ მედიცინის სფეროს სტუდენტებისთვის (მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, დ. ა. შ)