სეზონური სკოლა „რადიაციული მედიცინა XXI - საუკუნეში, ტენდენციები, პრობლემები და გადაწყვეტის გზები“

სეზონური სკოლა „რადიაციული მედიცინა XXI - საუკუნეში, ტენდენციები, პრობლემები და გადაწყვეტის გზები“

 
   

მიმდინარე წლის  12-17 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე ჩატარდა სეზონური სკოლა „რადიაციული მედიცინა XXI - საუკუნეში, ტენდენციები, პრობლემები და გადაწყვეტის გზები“. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

პროექტში მონაწილეობდნენ უცხოეთიდან მოწვეული პროფესორები:

მადან  რეჰანი - მშვიდობის დარგში 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი; სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის პრემიის "Outstanding contributions over the last 50 years" ლაურეატი; სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის  (IOMP) ვიცე-პრეზიდენტი, რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) მედიცინაში რადიაციული დაცვის კომიტეტის მდივანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) მოწვეული პროფესორი. „The British Journal of Radiology“ და „Medical Physics“ ჟურნალების ასოცირებული რედაქტორი.

სორენ  მათსონი - სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის პრემიის "Outstanding contributions over the last 50 years" ლაურეატი; ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, შვედეთის რადიაციული დაცვის კომისიის წევრი, ჟურნალების: „Radiation Protection Dosimetry“  და „Radiation and Environmental Biophysics“ ასოცირებული რედაქტორი.

ლექციებსა და სემინარებს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

17 მარტს, პროექტის დახურვის ცერემონიაზე, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას  ეწვივნენ: პროექტის ხელმძღვანელი,თსსუ-ის პროფესორი თამარ სანიკიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი,  ივანე ბერიტაშვილის სახელობის  ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ გედევანიშვილი,  თსსუ-ის ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები.

სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ირაკლი კოხრეიძე. მან მაღალი შეფასება მისცა სეზონურ სკოლას და კვლავაც მზადყოფნა გამოთქვა მსგავს პროექტებში ჩართულობისთვის.

პროექტის მონაწილეებს მიმართა პროფესორმა სორენ მათსონმა. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ტრადიციად ქცეული სეზონური სკოლები რადიაციულ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო საგანმანათლებლო პროექტია, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ, ზოგადად, ამ სფეროს განვითარებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  თანამედროვე აღჭურვილობა ნახა, რაც ნამდვილად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ასევე გაიცნო მაღალი მომზადების  სამედიცინო პერსონალი და რაც მთავარია, რადიაციული მედიცინით დაინტერესებული, მოტივირებული და ნიჭიერი ქართველი სტუდენტები.

პროექტის დიდი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამაზ მარსაგიშვილმა,  ივანე ბერიტაშვილის სახელობის  ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა, დავით ნადარეიშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა,  თსსუ-ის ვიცე-რექტორებმა: პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

პროექტის მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, დეტალურად გაეცვნენ  რადიოლოგიის განყოფილებას. თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ თსსუ-ის სეზონური სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მომავალი პროფესიული წინსვლისთვის.

დასასრულს, პროექტის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.