სიახლეები სტომატოლოგიაში

სიახლეები სტომატოლოგიაში

2017 წლის 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი   სტომატოლოგიური მასალათმწარმოებლი კომპანიის Ultradent Products - ის სპიკერის ოლგა მენსნაროვსკას ინტერაქტიული ლექცია: “Ultradent Products -ის  ლიდერი პროდუქციის ხანგრძლივი პოპულარობის მიზეზები და მათი გამოყენების არეალი“.

კომპანია Ultradent Products  სტომატოლოგიური მასალათმწარმოებლი, მსოფლიოში ცნობილი კორპორაციაა,  რომელიც გარდა მოწინავე პროდუქციისა უამრავ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს Ultradent University-ის ეგიდით.

ამ  საგანმანათლებლო  პროგრამაში  „საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია“  ხშირად არის ჩართული.  როგორც ამ ასოციაციის  პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, მარინა მამალაძემ განაცხადა, ამერიკულ კომპანია Ultradent Products -თან  10 წელზე მეტია თანამშრომლობენ. კომპანია პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას Ultradent University-ის ეგიდით. სწორედ ასეთი მორიგი შეხვედრა გაიმართა სამედიცინო უნივერსიტეტში,  რომლის  ორგანიზატორებიც იყვნენ: „საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული  ასოციაცია“  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი.

„ჩვენი გუნდი ლექციასა და მასტერკლასში მონაწილეობისთვის სამჯერ გახლდათ იუტას (აშშ)  შტატში, სადაც კომპანიის სათაო ოფისია. 18 მარტიდან საქართველოში კომპანიის ექსკლუზიურ წარმომადგენელთან და დისტრიბუტორთან ხათუნა ჭანიშვილთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მიწვეული ვართ ქალაქ კიოლნში (გერმანია), სადაც Ultradent Products-ის საერთაშორისო მეგა-დენტალშოუს ფარგლებში მასტერკლასი და ვორკშოფი ჩატარდება. ასე, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ღიაა ყველა იმ მსურველისთვის, რომელსაც სტომატოლოგიაში წარმატების მიღწევა სურს. როდესაც არსებობს თეორიული ცოდნა და ტექნიკური საშუალებები პაციენტის გარანტირებული  და წარმატებული მკურნალობაც სახეზე გვექნება“, - განაცხადა პროფესორმა მარინა მამალაძემ.

ინტერაქტიულ ლექციას, რომელიც ჩაატარა Ultradent Products -ის სპიკერმა ოლგა მენსნაროვსკამ,   დაესწრნენ  როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის   სტუდენტები და  რეზიდენტები, ასევე  რეგიონებიდან ჩამოსული სტომატოლოგები.  

კომაპნიის სპიკერმა  ქართულ სტომატოლოგიურ საზოგადოებას წარუდგინა  კომპანიის ახალი  ხედვა  და უახლესი  პროდუქტები. მან დამსწრეებს გაცნო სტომატოლოგიაში მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ახალი ტექნოლოგიები: კერძოდ, კბილთა რესტავრაციის, კბილის  ფესვების  მკურნალობის,  კბილთა გათეთრების თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა პრევენციული საშუალებები.

ქართველი კოლეგებისთვის  საინტერესო იყო  უახლესი ინფორმაციები დიოდური ფოტოპოლიმერიზატორების ახალი თაობის, კბილთა მინერალიზაციის მასტიმულირებელი და საობტურაციო სისტემის, MTA- მინერალტრიოქსიდაგრეგატისა  და მისი დანერგვა  – კლინიკური გამოყენების  შესახებ სტომატოლოგიაში.