სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის მეოცე საიუბილეო კონფერენცია

სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის მეოცე საიუბილეო კონფერენცია

2014 წლის  12–14 ივნისს გაიმართა სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის მეოცე საიუბილეო კონფერენცია პოლონეთის ქალაქ პოზნანში. როგორც ასოციაციის წევრი,  ასამბლეის სხდომას ესწრებოდა თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.

კონფერენციის დაწყებამდე ჩატარდა  ტრენინგი თემაზე „სცენარების შექმნის ხელოვნება სიმულატორებზე დაფუძნებული ტესტირებისთვის“. როგორც პროფესორმა ირმა მანჯავიძემ აღნიშნა, „ ეს იყო საინტერესო ტრენინგი, რომელიც ჩაატარეს ისრაელის სამედიცინო სიმულატორების ცენტრის ტესტების შემუშავების მთავარმა სპეციალისტმა ეისენბერგ ორიტმა და ამავე ცენტრისა და შეფასების ნაციონალური ცენტრის წარმომადგენელმა დივონ ოპჰირორნამ. ტრენინგზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა გაგვიზიარეს“.

კონფერენციის მიმდინარეობისას სტუმრებს დაათვალიერებინეს და ადგილზე გააცნეს სიმულატორებისა და მულაჟების მწარმოებელი კომპანიები, მათი მუშაობის პრინციპები.

კონფერენციაზე განიხილეს სიმულატორების მედიცინაში გამოყენების სხვადასხვა საკითხები: სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები კონკრეტულ მულაჟზე და მანეკენზე მუშაობისას, ტრენინგები სასწავლო პროცესზე მეთვალყურეობის, ადმინისტრირების, დებრიფინგის, მონიტორინგის და შეფასების სისტემების ობიექტივიზაციაში.

პროფესორმა ირმა მანჯავიძემ  წარმოადგინა პოსტერული მოხსენება თებერვლის თვეში კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებისთვის ჩატარებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის შესახებ, სათაურით „ოსკის გამოცდა მეანობა–გინეკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“.  პოსტერულმა მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციის მსვლელობისას პროფესორ ირმა მანჯავიძეს შეხვედრა ჰქონდა მწარმოებელ ფირმებთან: „Leardal”, “Gaumard”, “Nasco”, “KYOTO KAGAKU”, “Anatomqge”, “CAE”, “Adam Roully” და სხვა, რომელთა პროდუქციაც თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების სასწავლო პროცესში წარმატებით გამოიყენება.  მას საშუალება ჰქონდა, გაეცნო და რაც, მთავარია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარედგინა კოლეგებისთვის, გასაუბრებოდა ბაზარზე წარმოდგენილი ახალი ფირმების „მენტისის“ და „SIMStation“–ის  და ბაზარზე უკვე კარგად ცნობილი ფირმების: „ZYOS”, “Orzone”, “Gardionics”, “Epona”, “DentSim”–ის  წარმომადგენლებს.

როგორც პროფესორმა ირმა მანჯავიძემ აღნიშნა, „სიმულატორების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაცია მის ყველა წევრს საშუალებას აძლევს, ეზიაროს სიმულატორების სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივას და სთავაზობს თანამშრომლობას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრის განვითარებისთვის“.