სისხლის უანგარო დონაციის დღე თსსუ-ში

სისხლის უანგარო დონაციის დღე თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა სისხლის უანგარო დონაციის მსოფლიო კვირეულს.

საქველმოქმედო აქტივობა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინიციატივით და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკთან პარტნიორობით  ჩატარდა.

მსოფლიო კამპანიის წლევანდელი სლოგანი — „აჩუქე სისხლი, აჩუქე იმედი: ერთად გადავარჩენთ სიცოცხლეს“ — ხაზს უსვამს დონორობის ძალას და ერთიანობის მნიშვნელობას.

აქციაში 60-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. სისხლის უანგარო დონორები იყვნენ სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ტრადიციულად, სისხლი გაიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების გააქტიურება და ახალგაზრდებში დონორობის კულტურის პოპულარიზაცია. სისხლის უანგარო დონაციის აქცია არა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, არამედ აერთიანებს ადამიანებს საერთო, ჰუმანური მიზნის გარშემო.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში საზოგადოების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. მედიცინის სტუდენტებისთვის, მომავალი ექიმებისთვის კი დონორობაში მონაწილეობა პროფესიული ღირებულებების, სოლიდარობისა და პაციენტზე ზრუნვის მიმართ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.