2024 წლის 29-31 მარტს ბორჯომში ჩატარდა მეთერთმეტე საერთაშორისო სკოლა-სემინარი თსსუ-ის მაგისტრანტებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები და თსსუ-ის მაგისტრანტები შემდეგი სამაგისტრო პროგრამებიდან: ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება; რეაბილიტაციაში მრჩეველი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
სკოლა-სემინარის განმავლობაში მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, წარედგინათ მოხსენებები ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე და ემსჯელათ მათი გადაჭრის მექანიზმებზე. ღონისძიების ფარგლებში ჯანდაცვის პრობლემურ საკითხებზე დისკუსიისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა და გუნდური მუშაობა.
სკოლა-სემინარი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და ფონდ „სოლიდარობა განათლების“ მხარდაჭერით.