2023 წლის 17-19 მარტს ბორჯომში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა მეათე საერთაშორისო ზამთრის სკოლა-სემინარი “გლობალური ჯანდაცვა 21-ე საუკუნეში”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სკოლა-სემინარის განმავლობაში მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება, ემსჯელათ ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე და მათი გადაჭრის მექანიზმებზე.
ღონისძიებაზე თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობითი განათლების; ეპიდემიოლოგიის და პედიატრიული რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამების მაგისტრანტებმა და მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა წარმოადგინეს მოხსენებები - კოვიდ-19 პანდემიის მართვის, სკრინინგ-პროგრამების, ჯანმრთელობითი განათლების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითადი ასპექტების, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის, ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სქოლიოზის მკურნალობისა და რეაბილიტაციის, მაიმუნის ყვავილის ეპიდემიოლოგიის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ზამთრის სკოლა-სემინარის ორგანიზებასა და მუშობაში მონაწილეობას იღებდნენ: თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორი შალვა ზარნაძე, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის პროფესორი ირმა მანჯავიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი ლევან ბარამიძე, დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ირინე ზარნაძე, დევი ტაბიძე და მოწვეული მასწავლებელი ლია გუმბარიძე, ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია გარუჩავა, თსსუ-ის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ დიაკონიძე, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნათია ქვარიანი, ასევე, მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები: მარინა ჰოვანესიანი და პროფესორი სეირან ქოჩარიანი.
სკოლა-სემინარის ფარგლებში ჯანდაცვის პრობლემურ საკითხებზე დისკუსიისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა და გუნდური მუშაობა. სკოლა-სემინარის მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კურორტ ბორჯომის სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების საქმიანობას, ტექნიკურ აღჭურვილობას, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდებს. სკოლა-სემინარის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით და სერტიფიკატებით.