სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა

27 სექტემბერი - მთელი საქართველოსთვის გლოვის, მაგრამ ასევე, დიდი  იმედის დღეა.   

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის დაცემის დღიდან 25 წლისთავს, ტრადიციულად, ფრონტის  ხაზზე უიარაღოდ მებრძოლი და ბრძოლის ველზე დაცემული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძისა და რევაზ მუმლაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ  მემორიალთან შეხვდა. 

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ობელისკთან შეიკრიბნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტების მშობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები, თსსუ-ის კურსდამთავრებულები - აფხაზეთის ომის ვეტერანები. 

სოხუმის დაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არსებული ვითარების მიმართ დიდი მწუხარება გამოთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ:

„დღეს აქ შევიკრიბეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, ომში დაღუპული სტუდენტების მშობლები, ომის ვეტერანი სტუდენტები, რომლებმაც გამოიარეს დიდი განსაცდელი ბრძოლის ველზე, ჩვენს გვერდით არიან ახალგაზრდები - ჩვენი სტუდენტები, რაც ძალიან მახარებს.
შევიკრიბეთ იმისთვის, რომ  გავიხსენოთ ის ტრაგიკული დღე, რომელმაც არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაასვა დაღი, არამედ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს დაუტოვა მოუშუშებელი იარა.
ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღე  საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ულამაზესი კუთხის აფხაზეთის საქართველოდან სამუდამოდ ჩამოშორების მცდელობასთან,  13 თვიანი და 13 დღიანი - რუსეთის მიერ  თავსმოხვეული ომის შედეგად, დაეცა სოხუმი...
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ვინ არის ჩვენი მტერი, მკვეთრად უნდა დავაფიქსიროთ, რომ იგი ოკუპანტია და ამ  ოკუპაციას დღესაც  აგრძელებს!
ჩვენი გმირი სტუდენტების ღირებულებები  უნდა ვაქციოთ  ჩვენი ცხოვრების ღირებულებებად.  ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას მშვიდობიანი გზებით.  უნდა ვიზრუნოთ ურთიერთობის განვითარებაზე და საერთო ინიციატივების განხორციელებაზე აფხაზებთან ერთად. მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქართული სახელმწიფოს სიკეთეებით,  ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამებით,  ვიზალიბერალიზაციით და სხვა მრავალი შესაძლებლობით.  
სიტყვის დასასრულს მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი გმირი სტუდენტის  დედის სიტყვები და მოგმართოთ, განსაკუთრებით სტუდენტებს: „აფხაზები ჩვენი მტრები არ არიან! თქვენ, ახალმა თაობამ უნდა გაუწოდოთ ხელი მათ! ჩვენ  ერთი ოჯახის წევრები ვართ!“

სიტყვით გამოვიდნენ ასევე: თსსუ–ს სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე.  თსსუ–ის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი  ზურაბ ლეშკაშელი და  თსსუ–ის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექიმი - ლაშა ქოიავა, რომლებმაც  გაიხსენეს აფხაზეთში მებრძოლი სტუდენტების თავგანწირვის და გმირობის მაგალითები.

დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა  გვერდში დგომისთვის, ომში დაღუპული გმირის - თსსუ-ის ყოფილი სტუდენტის - ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ,  ქალბატონმა ნანა ბეგიშვილმა.  

ის ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს  მემორიალის აღმართვისთვის:
„25 წელი გავიდა ომიდან, 25 მძიმე წელი.  მაგრამ ის, რომ დღეს ჩემი შვილი საზოგადოებას ომში დაღუპულ უიარაღო მეომრად ახსოვს, ეს ჩემთვის საამაყოა.  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას მემორიალის აღმართვისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, მიხარია რომ თაობებს გადაეცემა ბიჭების გვარები და მათთვის სამაგალითოებად დარჩებიან.“


იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია