2018 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სპორტული მედიცინის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც წელს სპორტული მედიცინის სხვადასხვა დარგის ესტონელი, სერბი, მოლდოველი და ლიეტუველი ექსპერტები სტუმრობდნენ.
კონფერენციის სტუმრები ასევე იყვნენ საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი ედიშერ მაჩაიძე.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ვალერი ახალკაცმა გახსნა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა. მან მისასალმებელ სტყვაში უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და საერთაშორისო კავშირებს გაუსვა ხაზი.
კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიეტუვიდან, პროფესორმა ემილის ჩეკანაუსკასმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ აღნიშნა, რომ სპორტული მედიცინის საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლეგებთან კვლევის შედეგების გაზიარებისთვის.