სტაჟირება     გდანსკის    სამედიცინო   უნივერსიტეტში

სტაჟირება გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2014  წლის  1  აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო  უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტის  სტუდენტებმა: კონსტანტინე   ჩახუნაშვილმა,  დავით  ჩახუნაშვილმა, ნათია  თოდუამ,  თამთა  კორინთელმა  და  თინათინ გასვიანმა,  სტაჟირება  გაიარეს გდანსკის  სამედიცინო   უნივერსიტეტის  კლინიკებში.

სტუდენტებმა  სტაჟირება  გაიარეს: მეან–გინეკოლოგიის, შინაგანი სნეულებების, კარდიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის, ჰიპერტენზიისა  და დიაბეტოლოგიის დეპარტამენტებში.

სტუდენტები  მონაწილეობდნენ სამედიცინო მანიპულაციებში, ეცნობოდნენ მკურნალობის უახლეს მეთოდებს და თეორიულ მასალას მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  კლინიკებში.

სტაჟირების პარალელურად, 19 აგვისტოს, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი       გოგი ჩიქოვანი, პოლონეთში  მივლინების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ეწვია გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტს.

შეხვედრები გაიმართა ვიცე–რექტორთან, პროფესორ იასეკ ბიგდასთან, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ მარია დუდიაკთან  და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან დავიდ სპიხალასთან.

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები სტუდენტთა, აკადემიური და კლინიკური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებასთან, საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

შეთანხმდნენ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ევროკომისიის პროგრამა ERASMUS + -ის ფარგლებში, გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობის გაზრდის  და სტუდენტების გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ.  დაიგეგმა მომავალი წლიდან თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკაში პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც  უანგაროდ ჩაატარებენ   ოპერაციებს. დაიგეგმა აგრეთვე ორმხრივი ვიზიტები აკდემიური და კლინიკური პერსონალის, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

სტაჟირების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო   საჩუქრები.