“სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის”   58–ე სამეცნიერო კონგრესი კოპენჰაგენში (დანია)

“სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის” 58–ე სამეცნიერო კონგრესი კოპენჰაგენში (დანია)

 

2013 წლის 13–15 ივნისს, კოპენჰაგენში (დანია) ჩატარდა “სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის” 58–ე სამეცნიერო კონგრესი, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მარინა მამალაძე  აირჩიეს კოლეჯის წევრად.

კონგრესის 58–ე სამეცნიერო პროგრამა დატვირთული იყო 8 საინტერესო  მოხსენებით, რომლებიც წარმოადგინეს მსოფლიოში სახელგანთქმულმა სპეციალისტებმა ესთეტიკური სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე მოხსენება იყო:

პროფესორ ა.სეჩის მოხსენება, რომელიც შეეხო ღიმილის დიზაინის კორექციას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;

პროფესორ ფ.მარტელის მოხსენება, რომელშიც განხილულ იქნა პაროდონტიის დაავადებათა მკურნალობის ბიოლოგიური ასპექტები;

დოქტორ ტიფ კურეშინის პრეზენტაცია, რომელიც გათვლილი იყო იმ მსმენელისთვის, ვინც კარგად იცნობს რესტავრაციულ სტომატოლოგიაში კბილთა მინიმალური ინვაზიის ტექნიკას.

დასასრულს, კონგრესი დააგვირგვინა პროფესორ დევიდ ვინკლერის მოხსენებამ, რომელიც ტრიუმფით იქნა პრეზენტირებული და ეძღვნებოდა ეთიკისა და ესთეტიკის პარადიგმას რესტავრაციულ სტომატოლოგიაში.

პროფესორ მარინა მამალაძის “სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის”  წევრად მიღება ჩატარდა კოპენჰაგენში, სამეფო სასახლეში და მიენიჭა სპეციალური სერტიფიკატი, როგორც „პიროვნებას, რომელსაც შეაქვს თავისი წვლილი სტომატოლოგიის ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებაში“.