“სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით” – რეიტინგული და რეზონანსული პრაქტიკული კონფერენციების ციკლი საქართველოში

“სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით” – რეიტინგული და რეზონანსული პრაქტიკული კონფერენციების ციკლი საქართველოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის და პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დეპარტამენტების  პროფესორ–მასწავლებლებმა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულ ასოციაციასთან და სტომატოლოგიის კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტთან“ ერთად განახორციელეს  პროექტი  –  სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციების ციკლი „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“.

კონფერენციების თემატიკის აქტუალურობამ  მსმენელთა დიდი ინტერესი განაპირობა. მეცნიერებსა და პრაქტიკოს ექიმებს საქართველოს რეგიონებში მიეცათ საშუალება უახლესი მიღწევები გაეცნოთ აუდიტორიისთვის.

2013 წლის 21 დეკემბერს  კახეთში, ქალაქ თელავში, პროექტის ფარგლებში ექიმ–სტომატოლოგებს საშუალება ჰქონდათ,  მოესმინათ თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, საქართველოს სტომატოლოგიის პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინა მამალაძის ლექცია „პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნების პარადიგმა და საწყისი პულპიტების მართვა“ და თსსუ–ის პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა ივერიელის ლექცია „ჰეილიტების კლინიკური გამოვლინება და დიაგნოსტიკის ასპექტები“. პროფესორებმა ნინო აბაშიძემ და ნინო ჭიპაშვილმა განიხილეს თემები:  „ვექტორ სისტემის გამოყენება პაროდონტიტით დაავადებული პაციენტების მართვისას“ და „ადგილობრივი ანესთეზიების პრობლემა ამბულატორიულ სტომატოლოგიაში“.

კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის მასტერ კლასი, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა "Smile Dent"-ში (ხელმძღვანელი გია ფაჩოშვილი) ჩაატარეს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრებმა: პროფესორმა მანანა ივერიელმა, პროფესორმა ნინო აბაშიძემ;  სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის „უნიდენტი“–ს  ექიმებმა: მაია ლომსიანიძემ,  მაკა კოპალიანმა, თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა.

 ლექციის და მასტერ–კლასების დამსწრე ექიმ-სტომატოლოგებმა თვალი ადევნეს პაროდონტით დაავადებული პაციენტის  კონსულტაციას, საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის მკურნალობას ვექტორ სისტემის გამოყენებით, კბილის რესტავრირებას...

მონაწილეთა თქმით, ეს იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც თვალსაჩინო შედეგი ექნება  კახეთის რეგიონის სტომატოლოგების მომავალი წარმატებული მუშაობის თვალსაზრისით. ჩატარებული პროექტის მაღალი დონე დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე  მისთვის მინიჭებული 5 – I -ტიპის უპგ ქულითაც დადასტურდა.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული ფირმები: "Alpen Pharma Group" და "MSD".

2014 წლის  22-23 თებერვალს ქუთაისში  წარმატებით განხორციელდა უკვე რიგით II სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით.“

ლექციები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და პირველი ლექცია წაიკითხა თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგიის პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. ინტერესი ძალიან დიდი იყო. აუდიტორია, რომელიც 280 მსმენელს იტევდა, აქტიურად ჩაერთო კითხვა–პასუხის რეჟიმში და 8 საათის განმავლობაში პროექტის ორგანიზატორებისგან ისმენდა  პასუხებს ყველა საინტერესო თემაზე.

იმერეთის რეგიონის ექიმ–სტომატოლოგთა დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ   პროფესორების: მანანა ივერიელის, ნინო ჭიპაშვილის, ნინო აბაშიძის ლექციები მათთვის უაღრესად საჭირო ინფორმაციას შეიცავდა.

23 თებერვალს სტომატოლოგიის კლინიკა „დენტიმერში“ (კლინიკის დირექტორი  თენგიზ ჟვიტიაშვილი) იმერეთის რეგიონის პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის  პაციენტთა საჩვენებელი მკურნალობა და მასტერ-კლასები ჩატარდა. ფრონტალური კბილების რესტავრაცია სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის „უნიდენტის“ ექიმებმა თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა ჩაატარეს. კბილთა ენდოდონტიური მკურნალობა და მასტერ-კლასი კი ექიმებმა მაია ლომსიანიძემ და მაკა კოპალიანმა უჩვენეს.

პროფესორმა ნინო აბაშიძემ პაციენტის მკურნალობა ვექტორ სისტემის გამოყენებით ჩაატარა. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სპონსორები ამჯერად  ფარმაცევტული კომპანიები „ Alpen Pharma“ და „GEA“ იყვნენ.

 პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტების კონსულტირება პროფესორ მანანა ივერიელთან. 

მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.

ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პროფესორებთან მარინა მამალაძესთან და ნინო ჭიპაშვილთან შეხვედრა ექიმებმა დამატებითაც ისურვეს, მათ თსსუ-ის მაგალითზე ოდონტოლოგიის დეპარტამენტში სწავლების პროცესის საჭირბოროტო საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

ეს პროექტი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და რეგიონულმა ტელევიზიამ სპეციალური სიუჟეტიც მოამზადა ამ თემაზე. ინფორმაციის გავრცელებას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტი 4 ტურს მოიცავს: ლექციებსა და მასტერ-კლასებს კახეთში, იმერეთში, ქართლში  და სამეგრელოში. ორი ტური ჯერ კიდევ წინაა...