სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა  საზეიმო ცერემონია

სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის  6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა  საზეიმო ცერემონია. კურსდამთავრებულთა გასაცილებლად ეზოში შეიკრიბნენ აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები და მეგობრები. კურსდამთავრებულებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ ეს დღე განვლილი წლების დაუღალავი შრომის შედეგად დადგა და ყოფილ სტუდენტებს მიმართა მრავლისმთქმელი სიტყვებით: ჩემო კოლეგებო! რექტორმა ყურადღება გაამახვილა სწავლის უახლეს მეთოდებზე, რომლის შედეგადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კონკურენტულ გარემოში შეძლებენ თავის დამკვიდრებასა და კარიერულ წინსვლას. „ეს თქვენი უნივერსიტეტია! ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით დავრჩებით . თქვენთან ერთად გავიზიარებთ სიხარულს და მხარდაჭერას არ მოგაკლებთ, თუკი პროფესიულ გზაზე რამე პრობლემა შეგექმნებათ. ერთი რამ გახსოვდეთ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დგას თავისი კურსდამთავრებულების მხრებზე! წარმატებებს გისურვებთ“,  - მიმართა კურსდამთავრებულებს პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ყოფილი სტუდენტები და ახლა უკვე კოლეგები ოვაციებით შეხვდნენ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ სამსონ მღებრიშვილს და დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორს ნანა ყიფიანს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება მიგეღოთ. თქვენ თავდაუზოგავად იშრომეთ და გახდით ექიმები. გისურვებთ წინსვლას თქვენს საქმეში და მუდმივად თქვენს გვერდით იგულეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, - მიმართა აუდიტორიას პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა.

საზეიმო ცერემონია დასრულდა ჰიპოკრატეს ფიცის დადებით.