სტომატოლოგიური კორპორაცია „მიჩერიუმის“  ნოვაცია თსსუ–ის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და საინტერესოა

სტომატოლოგიური კორპორაცია „მიჩერიუმის“ ნოვაცია თსსუ–ის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და საინტერესოა

2014 წლის 6 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იტალიელი სტუმარი, ცნობილი  სტომატოლოგიური კორპორაციის „მიჩერიუმის“ რეგიონული მენეჯერი,  იანა დოსტალოვა ეწვია. მისი პრეზენტაციისადმი, რომელიც ახალი სარესტავრაციო მასალის წარდგენას ეძღვნებოდა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების და ახალგაზრდა სტომატოლოგების ინტერესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ თსსუ–ის სადისერტაციო დარბაზში მსმენელების დატევა გაჭირდა. ლექციაზე 230 სტომატოლოგი შეიკრიბა. ცხადია, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, პირველი ისაა, რომ წარმოდგენილი ახალი მასალა, რევოლუციური მინანქარი HRI, ძალიან დიდი გარდატეხის მომტანია ოდონტოლოგიაში. ეს მასალა კბილის ნატურალური ემალის იმიტირებას ახდენს. მისი ავტორი მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის მეტრი, პროფესორი ლორენცო ვანინია. მეორე და არანაკლებ  განმსაზღვრელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში პრაქტიკული სწავლება  სწორედ ნოვაციებს ეფუძნება.

როგორც პროფესორმა მარინა მამალაძემ გვითხრა, „დღეს საქართველოში, სტომატოლოგია, ძველი ტერმინით – თერაპიული სტომატოლოგია, თანამედროვე ტერმინით კი – ოდონტოლოგია ძალიან სწრაფი ტემპით  ვითარდება.  მახარებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ნებისმიერ უმაღლეს სკოლაში, თუ შეხება  გექნებათ კბილთმკურნალობასთან, ნახავთ: პრაქტიკულად, ჩვენი დონეები თანაბარია. ამის უპირველესი მიზეზია ის,  რომ სტომატოლოგებს აქვთ სწრაფვა, რაც შეიძლება უკეთესი გახადონ თავისი ნამუშევარი. მეორე – გახსნილი საზღვრები და სურვილი: იარო წინ და აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი სტუდენტობის დროს ერთი თუ ორი ბჟენი იყო სულ, ისიც ხელით მოსაზელი, ახლა ზღვა მასალაა. არ არსებობს მსოფლიოში სარესტავრაციო მასალა, ჩვენ რომ არ ვიცნობდეთ. რაც მთავარია, ჩვენმა სტუდენტმა არ იცოდეს იგი, ან სალექციო კურსიდან ან პრაქტიკული მეცადინეობებიდან. დღეს წარმოდგენილი მასალა „ენამოლ+“ არის ჭეშმარიტად ნოვაციური.

მის შემქმნელს ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ: მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის მეტრს, პროფესორ ლორენცო ვანინის. ეს ბჟენი მისი ფილოსოფიით შეიქმნა და უზრუნველყოფს, რომ  დაბჟენილ კბილს სწორედ ისეთივე სიცოცხლე ჰქონდეს, როგორც ბუნებრივ, ჯანსაღ ემალს, ატარებდეს და გარდატეხდეს სხივებს და ჰქონდეს ნატურალური ბზინვარება და იერი.

ყველაზე მეტად სასიხარულოა, რომ კორპორაცია გეგმავს ნოვაციას, რაც არასდროს განხორციელებულა ადრე.  არცერთ ცნობილ ფირმას არ მოუნდომებია, დაასპონსოროს სტუდენტური პრაქტიკული  საქმიანობა. ამის მიზეზი ჩვენი ბაზრის სიმცირეა.  

“მიჩერიუმის” სურვილია,  V კურსის ის სტუდენტები, რომელთაც ოპერაციული ოდონტოლოგიის შესწავლა სურთ, უზრუნველყონ ამ მასალით და შემდგომში უკეთესი უნარების გამოსავლენად ჩემპიონატი ჩატარდეს. ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რაც რექტორთან შეხვედრაზე დაზუსტდება”.

6 მაისსვე სტომატოლოგიური კორპორაცია „მიჩერიუმის“ მენეჯერი იანა დოსტალოვა, კომპანია „დენტალ მარკეტის“ წარმომადგენლები ლევან თორთლაძე და ირაკლი მაჭავარიანი თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, პროფესორი მარინა მამალაძე. დეტალურად განიხილეს სამომავლო გეგმები: გადაწყდა, თსსუ–ში ჩატარდეს ლექცია–სემინარები, შემდეგ კი პრაქტიკული კურსი სტომატოლოგიური კორპორაცია „მიჩერიუმის“ მასალის გამოყენებით. კონკურსის წესით შეირჩევა ერთი საუკეთესო სტუდენტი, რომელიც, როგორც გამარჯვებული, თავის მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება იტალიაში, სადაც  უკვე საერთაშორისო კონკურსი გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც სამი თვე დარჩება იტალიაში, კეტლის უნივერსიტეტში (Unit of Restorative and Endodonties Dir Prof Camilio D’Arcangelo Dep. of medical Oral and Bicteqnologial Science University of CHietl) სტაჟირებისთვის.

იტალიელმა სტუმარმა მადლობა მოახსენა თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას გულთბილი დახვედრისთვის და  მომავალი თანამშრომლობისთვის.