სტრასბურგის ბიოეთიკის კომიტეტის პლენარული სხდომა

სტრასბურგის ბიოეთიკის კომიტეტის პლენარული სხდომა

2014 წლის 5–7 მაისს სტრასბურგში (საფრანგეთი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის წევრი, იუნესკოს ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის წევრი  გივი ჯავაშვილი მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის (council of Committee on Bioethics – DH-BIO) ყოფილი ბიოეთიკის სახელმძღვანელო კომიტეტის (Steering Committee on Bioethics – CDBI) მორიგ პლენარულ მუშაობაში.

კომიტეტის პლენარული მუშაობის ფარგლებში მოეწყო კონფერენცია, რომლის მიზანი იყო სახელმძღვანელოს წარდგენა – „სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიღების პროცესის თაობაზე სიცოცხლის დასასრულს სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით“ (Guide on the decision-making process regarding medical treatment in end-of-life situations).

როგორც ასოცირებულმა პროფესორმა გივი ჯავაშვილმა აღნიშნა, განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველოს მიერ რატიფიცირებულია კომიტეტის საქმიანობასთან (ადამიანის უფლებები და ბიომედიცინა, ბიოეთიკა) დაკავშირებული ევროპის საბჭოს ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი, გარდა ოქმისა „დამატებითი ოქმი ჯანმრთელობის მიზნებისთვის ჩატარებული გენეტიკური ტესტირების შესახებ“.

მნიშვნელოვანი  გახლდათ სქესის პრენატალური შერჩევის საკითხი. ევროპის საბჭოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება გოგონების შობადობასთან შედარებით ბიჭების  ჭარბი შობადობა. (მაგალითად საქართველოში 2011 წელს დაიბადა 30330 ბიჭი და 30097 გოგო) ამას სქესის პრენატალური შერჩევით ხსნიან (შერჩევითი აბორტის გაკეთება). ევროპის საბჭოს ასამბლეამ მოამზადა რეკომენდაცია „სქესის პრენატალურ შერჩევაზე“.

კომიტეტმა იმსჯელა ორგანოების კომერციალიზაციის ყველანაირი ფორმის აკრძალვაზეც. მიუღებელია, ფინანსური მოგების მიზნით, ორგანოს გაღება ტრანსპლანტაციისთვის. შემუშავდა კონვენცია და მისი დამატებითი ოქმი, რომელიც რატიფიცირებულია სქართველოს მიერ. განხილული საკითხები მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამდენად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვისაც, რადგან სწორედ აქ მზადდებიან სპეციალისტები, რომლებიც მომავალში გახდებიან პროფესიონალი მედიკოსები, მათ მხრებზე გადავა მედიცინის სფეროში მომუშავე პერსონალის ყველა პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობის, მისი პიროვნული უფლებების და ბიოეთიკის დაცვის მიმართულებით. ამიტომაც სტუდენტები და პროფესურა დიდი ინტერესით ეცნობიან სტრასბურგის ბიოეთიკის კომიტეტის პლენარული სხდომის მასალებს.