სტუდენტთა საერთაშორისო დღეები

სტუდენტთა საერთაშორისო დღეები

   
   

2015 წლის 16- 17 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული  „სტუდენტთა საერთაშორისო დღეები“  აღინიშნა.

 თარიღი დასაბამს იღებს 1939 წლის 28 ოქტომბრიდან,  როდესაც ფაშისტურმა ძალებმა პრაღის ჩარლზის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული განათლების დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია დაშალეს.

სტუდენტების დემონსტრაციის დარბევის შემდეგ 11 ნოემბერს  დახვრიტეს  მსვლელობის  ერთ-ერთი ორგანიზატორი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი. 15 ნოემბერს, კი ოპლეტალის დასაფლავების დღეს, საზოგადოების  დიდმა  ნაწილმა და სტუდენტობამ საპროტესტო აქცია კვლავ მოაწყო.  1939 წლის  17 ნოემბერს ფაშისტურმა ძალებმა ალყა შემოარტყეს  უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დააკავეს და  საკონცენტრაციო ბანაკში  გადაიყვანეს  1200 სტუდენტი.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი „სტუდენტთა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადებულიყო. ამ დღის  აღნიშვნის ტრადიცია დღემდე შეინარჩუნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებმა. 

2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საქართველოში პირველად,  აღნიშნა „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“. მას შემდეგ ღონისძიებამ  ტრადიციული ხასიათი მიიღო,   რაც გამოიხატება სხვადასხვა ოფიციალური პროექტების ორგანიზებაში, რომელთა მიმდინარეობაში აქტიურად არის ჩართული სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც ქართველი, ისე უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტები მსოფლიოს 53 ქვეყნიდან .

“სტუდენტთა საერთაშორისო დღის” დევიზია – “სტუდენტობა გვაერთიანებს!”.

 2015 წლის 16-17 ნოემბერს,  სტუდენტთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელდა სხვადასხვა  საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, სოციალური, კულტურული და სპორტული ღონისძიება, მათ შორის: გაიმართა ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში,ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“,  რომელშიც 35 გუნდი მონაწილეობდა, გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია (აღსანიშნავია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი ლიდერია უნივერსიტეტებს შორის, უანგაროდ გაღებული სისხლის რაოდენობით და მსგავსი აქციები წელიწადში რამოდენიმეჯერ ტარდება), ასევე ერთ წიგნად გამოიცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწერილი ლექსები,   მოეწყო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, ხოლო 17 ნოემბერს ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი  კონცერტი.

კონცერტზე სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს როგორც ნაციონალური ფოლკლორული, ასევე  თანამედროვე ნომრები. 

კონცერტის დაწყებამდე წამყვანები გამოეხმაურნენ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტების სერიას და წუთიერი დუმილით დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ამის შემდგომ, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა სორდიამ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ.  გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს  „სტუდენტთა საერთაშორისო დღის“ აღნიშვნის მნიშვნელობას და გაიხსენეს,  თუ როგორ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა 2009 წელს სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით. 

კონცერტის დაწყებამდე,  სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ გადადგომის შესახებ  გააკეთა განცხადება და თსსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი გიორგი მიკუჩაძე დაასახელა.  

კახა აბულაძემ  და თამარ საგანელიძემ შეაჯამეს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელებად   მოღვაწეობის სამწლიანი პერიოდი,  მადლობა გადაუხადეს საკუთარ გუნდს, სტუდენტებს  და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას,  გაწეული  ზრუნვისა და თანადგომისთვის.