სტუდენტების სტაჟირება რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში

სტუდენტების სტაჟირება რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2016 წლის 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის მთავარი სპეციალისტის მზია წიკლაურის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ რიზეში, სადაც გაიარეს საზაფხულო კლინიკური სტაჟირება რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სტუდენტებს დიდი გულისხმიერებით შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მთელი სამედიცინო პერსონალი. სტუდენტები გადაანაწილეს სხვადასხვა დეპარტამენტებში: (გინეკოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ჰემატოლოგია, ბავშვთა ქირურგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ალერგოლოგია და ემერჯენსი).  

თითოეულ დეპარტამენტში სტუდენტებს კურირებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტების მიმართ იჩენდნენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და გულისხმიერებას. სტუდენტები ესწრებოდნენ პროფესორთა შემოვლებსა და მორიგეობებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს: ინტრავენური, ინტრამუსკულარული ინექციები, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ნაკერების დადება, ესწრებოდნენ ქირურგიულ ოპერაციებს, მშობიარობებს, ექიმის დახმარებით ასრულებდნენ ულტრასონოგრაფიულ, კომპიუტერულ ტომოგრაფიულ და მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევებს.

ოფთალმოლოგიაში, ჰემატოლოგიაში და ქირურგიაში სტუდენტები ღებულობდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას ასისტენტის პოზიციაზე, ყოველდღიურად ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს პროფესორებთან ერთად.

სტუდენტები საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

თავისუფალ დროს სტუდენტებმა  დაათვალიერეს  რიზეს კულტურული ღირსშესანიშნაოებები. მოილოცეს იშხანი და ოშკი.

ყველა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და  დაიმსახურა დადებითი დახასიათება.