სტუდენტური კონფერენცია  - ჯანმრთელობა და წამალი

სტუდენტური კონფერენცია - ჯანმრთელობა და წამალი

2019 წლის 5 აპრილს,  თსსუ ფარმაციის ფაკულტეტის, იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის და ივ. თარხნიშვილის  სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა  სტუდენტური კონფერენცია - „ჯანმრთელობა და წამალი“.  კონფერენცია ერთი წლის წინ დაიგეგმა.   მის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული და  სტუდენტების მუშაობას ხელმძღვანელობდა,  ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტების  აკადემიური პერსონალი: პროფესორი  თამაზ მურთაზაშვილი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გურაშვილი, ასისტენტ-პროფესორი ნინო იმნაძე,  ასევე, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი  ნანა გორგასლიძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: ბელა კიკალიშვილი, ქეთევან შალაშვილი, ნინო ვაჩნაძე, მანანა ორჯონიკიძე. 

სტუდენტებმა წარმოადგინეს  თემები საკმაოდ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე:  „ფარმაკოზედამხედველობა - წამლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგის ეფექტური იარაღი“, „წამლის ფარმაკოკინეტიკის თავისებურებები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“, „ნიკოტინისა და ალკოჰოლის გავლენა წამლის ფარმაკოკინეტიკაზე“, ექსპერიმენტული ხასიათის კვლევები: “ გულყვითელას ყვავილებიდან შემუშავებული სუპოზიტორიების ბიოფარმაცევტული კვლევა“,  „Rhododendron Ponticum L–ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლა“, „ საქართველოში მოზარდი ჩვეულებრივი თხილის (Corilus avallena L) ნაყოფებში ლიპიდების შესწავლა“  და სხვა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური და ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“, რომელმაც კონფერენციის ბოლოს მონაწილე სტუდენტებს სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარები გადასცა.  სტუდენტებს მონაწილეობისთვის  გადაეცათ სერტიფიკატები. როგორც ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი წლის აპრილის პირველ კვირაში ჩატარდება.