თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ტაშკენტის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩირჩიკის ფილიალის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
უზბეკურმა დელეგაციამ წარმოადგინა უნივერსიტეტის პრეზენტაცია და დეტალურად ისაუბრა საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, სტუდენტთა მიღების სისტემაზე, დაფინანსების მოდელებზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას უზბეკურმა მხარემ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი გამოთქვა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური მობილობის განვითარებას, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ორ უნივერსიტეტს შორის.