თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაილანდის (Medical School Executives - MSE) დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ტაილანდის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები შედიოდნენ.
დელეგაციის აკადემიური ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კლინიკური შესაძლებლობების გაცნობა, ძირითადი სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის დათვალიერება, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრის ფარგლებში, 38 ოფიციალური წარმომადგენლისგან შემდგარ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მისასალმებელი სიტყვით, ასევე გამოვიდა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების სფეროში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ, დელეგაციის წევრებს უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის ფარგლებში პროფესორმა რუსუდან რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობები, სამეცნიერო საქმიანობა, კლინიკური ბაზები და განვითარების ძირითადი მიმართულებები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.
ადმინისტრაციულ შენობაში გამართული შევედრის შემდეგ, ტაილანდის დელეგაციამ სასწვალო კორპუსებში გადაინაცვლა, სადაც დელგაციის წევრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა. სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სასწავლო რესურსებს, მათ შორის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს, საგამოცდო ცენტრს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმსა და სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს.
ტაილანდის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის 6 ივლისს გაიმართა.