ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ-ში

ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტს, პროგრამის -  „პერსონალის მობილობა სწავლებისთვის“ (Staff Mobility for Teaching) ფარგლებში (ERASMUS+ KA 171 პროგრამა) ეწვია ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) მედიცინის ფაკულტეტის სპორტულ მეცნიერებათა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის, ფიზიოთერაპიის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი კადრი მედიაინენი  და ამავე ინსტიტუტის დოქტორანტი ქრისტი ოჯასტე. 

კადრი მედიანენმა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სალექციო კურსი და პრაქტიკული სწავლება ჩაატარა. აქტივობები სასწავლო კურსის - “ფიზიკური რეაბილიტაცია ნევროლოგიაში” (კერძოდ პარკინსონის დაავადების მკურნალობის და სარეაბილიტაციო მართვის თემატიკა) - ფარგლებში გაიმართა.

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ და კადრი მედიაინენმა ერთმანეთს გაუზიარეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დარგში არსებული ახალი საგანმანათლებლო მიდგომები, სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდები, განიხილეს უნივერსიტეტებს შორის პროგრამების განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამეცნიერო კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები. 

ესტონელ სტუმრებს, ასევე შეხვედრა ჰქონდათ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან, სადაც განიხლილეს სასწავლო პროგრამების ძირითადი კომპონენტები, სწავლის შედეგები და თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი კლინიკური სასწავლო კურსების სწავლებაში, ასევე რეაბილიტოლოგების კლინიკურ საქმიანობაში.  

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა, ესტონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა და ჩაატარეს ერთობლივი პრაქტიკული მეცადინეობები ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის მოწვეულ მასწავლებელთან, კლინიკის  ზრდასრულთა რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელთან სოფიკო შაგიძესთან ერთად. 

სამუშაო ვიზიტი ხელს შეუწობს თსსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას.