ტელეხიდი  თსსუ-ის სტუდენტებსა და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტებს შორის

ტელეხიდი თსსუ-ის სტუდენტებსა და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტებს შორის

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  სტუდენტებს უკვე მერამდენედ მიეცათ საშუალება პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინათ სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ანალოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა, ახლოს გაიცნო ამერიკელი თანატოლების განათლების დონე, შეაფასო მათი ხედვა კონკრეტული  თუ ზოგადი პროფესიული პრობლემის მიმართ. 

2014 წლის 2 მაისს  გაიმართა  მორიგი ტელეხიდი თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  სტუდენტებსა და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.  ტელეხიდს დაესწრნენ რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია და ამავე დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი.

კლინიკური შემთხვევა ამჯერად ქართველმა სტუდენტებმა წარმოადგინეს. პრეზენტაცია თემაზე “რეაბილიტაცია დიდი წვივის ძვლის ცისტის აუტოტრანსპლანტატით მკურნალობის შემდეგ”  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულებმა ანა ბურჯანაძემ, ანა ფიჩხულაშვილმა, ნატო ფანჩულიძემ და ირაკლი ჭიოკაძემ გამოიტანეს განსახილველად.  პრეზენტაციამ   დიდი ინტერესი გამოიწვია  ამერიკელი სტუდენტების მხრიდან.  დისკუსიაში ორივე მხრიდან ჩაერთვნენ როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი. დაიგეგმა მომდევნო, რიგით მეხუთე ტელეხიდის ჩატარება, რომლის დროსაც მოხსენებით წარსდგებიან ამერიკელი სტუდენტები.