ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევით-საგანმანათლებლო პროექტ ,,CARE/ZRUNVA”-ს ფარგლებში, ლიკანში 2021 წლის 18-20 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, თსსუ-ის დოქტორანტები და მაგისტრანტები.
პროექტი ,,CARE/ZRUNVA” ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე და მიზნად ისახავს საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგის, სწავლების და პრაქტიკის გზით. პროექტის ფარგლბში მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტების დაფინანსება და სწავლება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტების გამგზავრებას ემორისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში, სადაც ისინი სხვადასხვა სასწავლო მოდულებს გაივლიან.
პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა უცხოელ და ქართველ მენტორებს და პროექტის განმახორციელებელ საერთაშორისო სპეციალისტებს წარუდგინეს პრეზენტაციები კვლევის მიმდინარების შესახებ, მოისმინეს მათი რეკომენდაციები და შეფასებები. უცხოელმა მენტორებმა კი ჩაატარეს ონლაინ ლექციები გარემოს ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.