ტრენინგი - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“

ტრენინგი - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები“

2016 წლის 27  მაისიდან 2 ივნისისჩათვლით, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და  უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის - „კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების“ ტრენინგები.

პროგრამა ითვალისწინებს ყველა სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმის გადამზადებას კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და ფარმაკოთერაპიაში. ტრენინგის  მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების საშუალებით, პაციენტზე ორიენტირებული, უვნებელი, ეფექტიანი მკურნალობის გზების განვითარება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია. პროგრამის განხორციელებაში  მონაწილეობდნენ: თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის მიმართულების, შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის დოქტორანტი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის მოწვეული პედაგოგი ანნა არჩვაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ქეთევან გოროზია.

ტრენინგების დასასრულს გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, რომელზეც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში:  საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ, თსსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ, თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და  უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსმა აკაკი ბარკალაიამ, ანნა არჩვაძემ  და  ქეთევან გოროზიამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრენინგები კვლავ ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დარგის აქტუალური და საჭირბოროროტო საკითხების გათვალისწინებით.