ტუვალუს დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტში

ტუვალუს დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია  ტუვალუს ( სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის) დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: ნამოლიკი სუალიკი ნეემია – ტუვალუს საშინაო საქმეებისა და სოფლის განვითარების მინისტრი, დოქტორი ტუფოუა პანაპა – მინისტრის თანაშემწე და ბატონი ნემაია პაულო,  ტრენინგ–ოფიცერი ტუვალუს  განათლების, ახალგაზრდობისა  და სპორტის სამინისტროდან. 

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა  ბერიაშვილი, თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირინა კაპეტივაძე. 

შეხვედრაზე ტუვალუს დელეგაციის წევრებმა მიიღეს  დაწვრილებითი ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის – საქართველოში სამედიცინო განათლების ლიდერი უნივერსიტეტის –  ისტორიის, სტრუქტურის,  სხვადასხვა პროგრამებზე სწავლების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და  უცხოელი სტუდენტების მიღების  კრიტერიუმების შესახებ. 

შეხვედრას   ესწრებოდა 3   სტუდენტი გოგონა ტუვალუდან, რომლებმაც  მინისტრთან გამოხატეს კმაყოფილება  და მადლიერება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ. 

შეხვედრის დასასრულს, ტუვალუს დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს  თსსუ–ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების სწავლების ცენტრი და  მაღალი შეფასება მისცეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ ცენტრს.