უცხოელ სტუდენტთა გამოშვების საზეიმო ცერემონია

უცხოელ სტუდენტთა გამოშვების საზეიმო ცერემონია

 

2017 წლის  28 თებერვალს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო კურსი დაასრულეს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები და სპეციალური მედლები.  

ეს დღე განსაკუთრებული იყო, როგორც  სამედიცინო უნივერსიტეტის შრილანკელი, ნიგერიელი, ინდოელი და აზერბაიჯანელი 57  კურსდამთავრებულისათვის, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის  იმ პროფესორ–მასწავლებლებისთვის, ვინც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში  ასწავლიდა მათ. 

საზეიმო განწყობა სუფევდა დარბაზში, რომელიც სავსე იყო ცისფერმანტიანი უცხოელი კურსდამთავრებულებით და სპეციალურად ამ საზეიმო დღისთვის უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული მათი ოჯახის წევრებითა და გულშემატკივრებით. 

უცხოელ  კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს მათთვის „ალმა მატერად“ ქცეული სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, უცხოელ სტუდენტთა  განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. მისალმებისა და მილოცვების შემდეგ აღინიშნა, რომ ამიერიდან კურსდამთავრებულებისთვის იწყება ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი, როდესაც მათ მოუწევთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება და შემდგომი  კარიერული წინსვლა. 

უცხოელი კურსდამთავრებულები, როგორც უკვე დიპლომირებული მედიკოსები, ცალსახად აღნიშნავდნენ , რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღეს სრულყოფილი სამედიცინო განათლება,  რომ მადლიერების გრძნობით ემშვიდობებიან უკვე მშობლიურად ქცეულ უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს ,  პროფესორ–მასწავლებლებს, რომელთაც  ძალ–ღონე  არ დაიშურეს, რათა  მათთვის მიეცათ ცოდნის მაქსიმუმი. 

უცხოელ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია დასრულდა ტრადიციად ქცეული რიტუალით –ქუდების ცაში ასროლით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს მის უცხოელ კურსდამთავრებულებს დიპლომების აღებას და ნათელ, წარმატებულ მომავალს უსურვებს თითოეულ მათგანს, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში.