უცხოელ სტუდენტთა ინტერნაციონალური კულტურის ფესტივალი

უცხოელ სტუდენტთა ინტერნაციონალური კულტურის ფესტივალი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, უცხოელ სტუდენტთა ინტერნაციონალური კულტურის ფესტივალი ჩატარდა. 6, 7 და 8 მაისს თსსუ–ის მრავალეროვანმა სტუდენტებმა წარმოადგინეს თავისი ქვეყნების ტრადიციული ცეკვა და სიმღერები, ბოდი–არტი, მოაწყვეს შეჯიბრებები, ფლეშ–მობი, ეროვნული კერძების დაგემოვნება.

   
     

თსსუ–ის კედლებში 37 ქვეყნიდან ჩამოსული 1900–მდე სტუდენტი მედიკოსის ურთულეს პროფესიას მაღალ დონეზე ეუფლება, ისინი ეზიარებიან ქართულ კულტურას, თავისი ქვეყნების კულტურას კი აქაურ სტუდენტებს აცნობენ. გავა წლები და თსსუ–ის კურსდამთავრებული ინდოელი, კანადელი თუ შრი–ლანკელი სტუდენტები სამშობლოს დაუბრუნდებიან და პროფესიონალიზმთან ერთად თან წაიღებენ საქართველოსთან მეგობრობის სურვილს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.

7 მაისს თსსუ–ის ეზო აზიურმა ჰანგებმა აავსო. თითქოს ცეცხლოვანი აზია მთელი თავისი მშვენიერებით ეწვია სამედიცინო უნივერსიტეტს. ფერადი დროშებით მორთულ ეზოში გვერდიგვერდ ცეკვავდნენ უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც შეძახილებით ამხნევებდნენ მასპინძელი – ქართველი სტუდენტები. ფლეშ–მობის დასრულების შემდეგ  ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდნენ სტუდენტებს და ფესტივალის სტუმრებს.

8 მაისს თსსუ–ის წითელ დარბაზში მოეწყო კონცერტი. უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მსოფლიოსთვის ახლობელი – შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ფრაგმენტები და ეროვნული ცეკვები და სიმღერები.  ეს თითქოს სიმბოლური იყო. კულტურის შედევრები თანაბრად ზემოქმედებს ყველა ერის წარმომადგენელზე, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულს თარგმანი არ სჭირდება, შექსპირი ისევე აერთიანებს მთელ მსოფლიოს, როგორც  შეგნებული განცდა, რომ დედამიწის მოსახლეობის სიმშვიდე და ბედნიერება დამოკიდებულია თითოეული სახელმწიფოს სიმშვიდესა და ბედნიერებაზე.

     

უცხოელ სტუდენტთა ინტერნაციონალური კულტურის ფესტივალს დაესწრნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, პროფესორი ელენე აბზიანიძე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე და დირექტორის მოადგილე ბადრი მაჭავარიანი, სხვა პროფესორ–მასწავლებლები.

ფესტივალის დასასრულს უცხოელმა სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს იმ ყურადღებისა და სითბოს გამო, რასაც მუდმივად გრძნობენ თსსუ–ში ადმინისტრაციისგან, პროფესურისგან, სტუდენტებისგან.