უცხოელი პროფესორები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

უცხოელი პროფესორები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

2016  წლის 22–24 თებერვალს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: პროფესორი იცხაკ ვინოგრადი – სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ჰოსპიტალის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რან შტეინბერგი – ჰაიფას სამედიცინო  ცენტრის ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა ქირურგი,  პროფესორი არკადი ვაჩიანი  და  რეანიმატოლოგი, პროფესორი ამირ ჰადაში.

22 თებერვალს პროფესორებმა ჩაატარეს კონსულტაციები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ხოლო 23  და 24 თებერვალს, ამავე კლინიკაში, წაიკითხეს ლექციები მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ისრაელიდან ჩამოსულ პროფესორებთან თანამშრომლობა უკვე ათი წელია, გრძელდება. მედიცინა სწრაფად ვითარდება. ქირურგია–რეანიმაციაშია ძალიან ბევრი სიახლეა მსოფლიოში.  რეანიმატოლოგმა, პროფესორმა ამირ ჰადაშმა, ამ სფეროში არსებული სიახლეები გააცნო სტუდენტებსა და კოლეგებს, ჩაატარა პრაქტიკული მეცადინეობა _ თანამედროვე მართვის პრინციპები პედიატრიულ რეანიმატოლოგიაში; აუდიტორიას გააცნო თანამედროვე სიახლეები პრეოპერციულ მომზადებასა და პოსტოპერაციულ მართვაში, პედიატრიული შოკის მართვაში და პედიატრიული კეტოაციდოზის მართვაში ინტენსიურ თერაპიაში.
ქართველმა  ქირურგებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, გააკეთეს ურთულესი ოპერაციები. ისრაელელი კოლეგები განსაკუთრებული მეთოდით აკეთებენ ოპერაციებს. მაგალითად, ჰირშპრუნგის დაავადება, თანდაყოლილი ატრეზიები, რომელსაც ორ და ხან სამ ეტაპად სჭირდებოდა ოპერაციული ჩარევა, ახლა, ამ მეთოდების გამოყენებით,  ერთი ქირურგიული ოპერაციის ფარგლებში კეთდება. თანამშრომლობა ქართველ და ებრაელ ქირურგებს შორის უკვე ტრადიციად იქცა.