უცხოელი სტუდენტების სტაჟირება

უცხოელი სტუდენტების სტაჟირება

   
   

ყოველწლიურად,  ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტები გადიან სტაჟირებას სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების საუნივერსიტეტო კლინიკებში.

ყოველწლიურად, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტიც მასპინძლობს პარტნიორი უნივერსიტეტების წარჩინებულ სტუდენტებს.

ასეთი მასპინძლობა ჩვეულებისამებრ, წელსაც შედგა და სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  სტუდენტები პოლონეთიდან  (პოზნანისა და  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტების) და  უკრაინიდან (ხარკოვისა და ზაპოროჟიეს სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტები)სტუდენტები. 

პოლონელმა და უკრაინელმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზაზე.

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორის ლია ძიძიგურის ხელშეწყობითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის  #1 და პედიატრიის #2 დეპარტამენტების ხელმძღვანელების,  პროფესორ მანანა ჟვანიას, პროფესორ ყარამან ფაღავასა და კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის,  ასოცირებული პროფესორის,  თინათინ კუტუბიძის ხელმძღვანელობით, კლინიკის აკადემიურ პერსონალთან: ასისტენტ – პროფესორ მარინე ჩიქოვანთან, ქეთევან მაყაშვილთან და სხვა პედაგოგებთან ერთად სტუდენტები გაეცნენ  კლინიკის მუშაობის პრინციპებს, დაესწრნენ პაციენტების გასინჯვებს, შემოვლებს, მანიპულაციებისა და  ინსტრუმენტულ -  ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების პროცესებს  კლინიკის თერაპიის, ქირურგიის,  კრიტიკული მედიცინისა და სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების სამსახურებში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკაში გავლილი სტაჟირების პერიოდი და მიღებული  საინტერესო  გამოცდილება, შემდგომში დიდ გავლენას იქონიებს სტუდენტების  პროფესიულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე.

სტაჟირების დასასრულს, უცხოელ სტუდენტებს შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი. სტაჟირებაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.