ვენის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

ვენის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი და ვენის პრივატ-კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი იოსებ ნანობაშვილი და ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების ევროპის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი (2018–2022 წწ) და საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი (2023–2024 წწ) პროფესორი გერჰარდ პრაგერი.

პროფესორებმა თსსუ-ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარეს საჯარო ლექციები:

• „არტერიული და ვენური პათოლოგია: ათეროსკლეროზი, ვენების ვარიკოზი“- პროფესორი იოსებ ნანობაშვილი. 

•  „ბარიატრიული მეტაბოლური ქირურგიის მიღწევები“ პროფესორი გერჰარდ პრაგერი. 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე პროფესორმა იოსებ ნანობაშვილმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, განსაკუთრებული ემოციით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია დაბრუნება საკუთარ ალმა მატერში — სივრცეში, სადაც მისი პროფესიული გზა დაიწყო. იოსებ ნანობაშვილის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა და ცოდნის გაზიარება მისთვის განსაკუთრებულია, რაც ამ ვიზიტის  მნიშვნელობასაც  ზრდის. 

ვიზიტის დასასრულს ვენის უნივერსიტეტის პროფესორებმა  მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და გაეცნენ მის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო შესაძლებლობებს.