ვენსტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა  რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას ,,საქართველოს დღე“

ვენსტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას ,,საქართველოს დღე“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი რემა ღვამიჩავა 2019 წლის 31 ოქტომბერს მივლინებით იმყოფებოდა ლონდონში (გაერთიანებული სამეფო), სადაც ვენსტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა  რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას ,,საქართველოს დღე“ თემით  ,,საქართველო,  როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, დაძმობილებული ქალაქების, პროფესიული ასოციაციებისა და საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია გახსნეს მისმა დამაარსებლებმა და თანაორგანიზატორებმა: დოქტორმა თამარა დრაგაძემ და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის  ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის პრეზიდენტმა, პროფესორმა ენდრიუ ლინმა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით მიმართეს საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა.

კონფერენციაზე პროფესორმა რემა ღვამიჩავამ წარადგინა  პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, ასევე მიზანსა და სტრატეგიაზე - თსსუ გახდეს რეგიონში უმაღლესი სამედიცინო  განათლების და მეცნიერების ჰაბი. 

თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში ხელმოწერილ შეთანხმებას ,,საქართველოს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“  და მის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა, ასევე, ისაუბრა ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მან აღნიშნა კონკრეტული წარმატებული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების შემდგომი ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივების გათვალისწინებით.

თავის მხრივ, პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით გამოყო მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთაშორის კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის. ასევე, ისაუბრა ბრიტანეთის მზაობაზე ამ მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი განვითარებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი როლი საქართველოში სამედიცინო განათლების კუთხით, ხოლო ვენსტმინსტერის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი და მზაობა თსსუ-თან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.

კონფერენციის მსვლელობის პარალელურად პროფესორ რემა ღვამიჩავას ჰქონდა შეხვედრები ვესტმინსტერის უნივერსიტეტის წამყვან მეცნიერებთან, მათ შორის, ნუტრიციოლოგ, პროფესორ იჰაბ ტევფიკთან (იგი გახლავთ საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილების აკადემიური ექსპერტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსულტანტი, ჰარვარდისა და ვენსტმინსტერის უნივერსიტეტების პარტნიორობის ხელმძღვანელი), რომელმაც გამოთქვა სრული მზადყოფნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აქტიური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამშრომლობის თაობაზე.