ვიზიტი ემორის (აშშ) უნივერსიტეტში

ვიზიტი ემორის (აშშ) უნივერსიტეტში

2019 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ფიზიკური თერაპევტი, სამაგისტრო პროგრამის  ,,რეაბილიტაცია სპორტში“ მაგისტრანტი ქეთევან სიმსივაძე  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში (ატლანტა, აშშ).  ვიზიტი განხორციელდა USAID-ის მიერ დაფინანსებული „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“  სასწავლო ტურის ფარგლებში.  სასწავლო ტური მოიცავდა ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპიის პროგრამის აკადემიურ პროცესზე დაკვირვებას (ლექციები, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, კლინიკური ინსტრუქტორების უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსი, ნეირორეაბილიტაციის რეზიდენტი-ფიზიოთერაპევტის კლინიკური განათლება), პაციენტებზე დაკვირვებას და კლინიკური შემთხვევების გარჩევას, შეერთებულ შტატებში დანერგილი ფიზიკური თერაპიის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაკვირვებას და უშუალო გამოცდილების მიღებას ფიზიკური რეაბილიტაციის სხვადასხვა მიმართულებებში (ნეირორეაბილიტაცია, რეაბილიტაცია ტრავმატოლოგია-ორთოპედიასა და სპორტულ მედიცინაში, კარდიო-რესპირაციული რეაბილიტაცია), ამბულატორული და სტაციონარული სარეაბილიტაციო სერვისის გაცნობას ემორის უნივერსიტეტის კლინიკებში. ამგვარ მრავალფეროვან, ინტენსიურ და მეტად მნიშვნელოვან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ მაგისტრანტებმა ქეთევან სივსივაძემ და ლეილა ჩანტლაძემ, რომლებიც კლინიკური ინსტრუქტორების სახით ჩაერთვებიან საბაკალავრო პროგრამის რიგ დისციპლინებში კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლების პროცესში.

ასევე, ვიზიტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მეორე წლის კურიკულუმის განხილვა რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორთან მერი იოჰანსონთან ერთად, რომელიც, ამავე დროს, ხელმძღვანელობს ფიზიკური თერაპიის პროგრამას ემორის სამედიცინო სკოლაში. კურიკულუმზე მუშაობა და განვითარება მიმდინარეობს პროექტის დაწყებიდან და ამ დროისთვის გათვალისწინებულია პროფესორ მერი იოჰანსონის მთელი რიგი რეკომენდაციები.

განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა დაკვირვება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE), ვინაიდან ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე OSCE-ის პილოტირება, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით,  სულ რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ 2019 წლის 18 იანვარს დაიწყო, ერთი დისციპლინის (კლინიკური და ფუნქციური შეფასება ფიზიკურ მედიცინაში) ფარგლებში. 

ამასთანავე, ვიზიტის დროს დაისახა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პარტნიორული ურთიერთობის მომდევნო განვითარების გეგმები (აკადემიური პროცესი, კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლება, პროფესიული განვითარების მოკლე კურსები და სხვ.), ისევე როგორც USAID-ის „საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები (ფიზიკურ რეაბილიტაციაში პაციენტთა მონაცემების დოკუმენტირების სტანდარტების დანერგვა, საანგარიშგებო სტანდარტების შემუშავება, უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსების დაგეგმვა).

ვიზიტის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინოს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორთან ბატონ არჩილ უნდილაშვილთან და პროფესორ გორდონ ჩარჩვორდთან.