ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით თსსუ-ში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი Case Report - From Writing to Publishing, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების კვლევითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას კლინიკური შემთხვევების აღწერისა და სამეცნიერო მუშაობის მიმართულებით.
საგანმანათლებლო პროექტი Case Report - From Writing to Publishing რამდენიმე თვეს გასტანს და 2025 წლის ივლისის პირველ კვირას კლინიკური შემთხვევების წარდგენისა და აღწერის კონფერენციით დამთავრდება.
პროექტის ძირითადი ეტაპებია:
• ტრენინგები და ვორქშოფი – მონაწილეები დაესწრებიან ტრენინგებსა და ვორქშოფებს, სადაც ისწავლიან, როგორ უნდა მოხდეს კლინიკური შემთხვევის სწორად აღწერა, სტრუქტურირება და მომზადება სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.
• პრაქტიკული ნაწილი – მონაწილეები ორგანიზაციის მიერ შერჩეულ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად იმუშავებენ რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე.
• კონფერენცია – პროექტის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი ნაშრომები კლინიკური შემთხვევის აღწერის კონფერენციაზე.
• პუბლიკაცია – კონფერენციის შემდგომ, მონაწილეებს ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოება დაეხმარება ნაშრომების გამოქვეყნებაში ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
როგორ ხდება კლინიკური შემთხვევის აღწერა, როგორ ჩამოაყალიბონ მთავარი გზავნილი? - ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო პროექტის პირველი ვორქშოფის თემები, რომელიც 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
ვორქშოფს „კლინიკური შემთხვევის წარდგენა“ უძღვებოდა თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ნონა ჯანიკაშვილი.
„ვორქშოფი მოიცავდა ორ ნაწილს: 1) კლინიკური შემთხვევები კვლევაში, 2) კლინიკური შემთხვევის სტუქტუირება, წარდგენა, დაწერა და გამოქვეყნება.
სტუდენტებმა მიიღეს საკვანძო რჩევები, როგორ აირჩიონ, დაწერონ, წარმოადგინონ და გამოაქვეყნონ საინტერესო კლინიკური შემთხვევა, როგორ ჩამოაყალობონ მთავარი გზავნილი, აღწერილობა, ინტერპრეტაცია და დასკვნები სამიზნე აუდიტორიისა და მკითხველისთვის. ასევე, მიიღეს დავალება, როგორ მოემზადონ მომდევნო პრაქტიკული ვორქშოფისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“ - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა, ნონა ჯანიკაშვილმა
პროექტში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტებისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის VI-XII სემესტრის სტუდენტები.