„წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ - დღე პირველი: მედიცინის ფაკულტეტის კონფერენცია

„წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ - დღე პირველი: მედიცინის ფაკულტეტის კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივითა და EMSA Tbilisi-ის ჩართულობით, დაიწყო საფაკულტეტო კონფერენციების ციკლი – „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“. ღონისძიების  მიზანია სტუდენტური კვლევითი საქმიანობის წახალისება და ფაკულტეტების სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა. 

კონფერენციების ციკლის პირველი ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტს ეგიდით ჩატარდა, სადაც სტუდენტებმა განიხილეს  მედიცინის აქტუალური საკითხები, გამოწვევები და  მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომები.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა მეცნიერების როლს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და აღნიშნა, რომ კვლევაზე ორიენტირებული სწავლება წარმოადგენს თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს. პროფესორმა ნატროშვილმა სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ სამეცნიერო პროგრესში.

ღონისძიებაზე, ასევე,  სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე. 

კონფერენციის ფარგლებში  წარმოდგენილი  ნაშრომები  ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა სამი საუკეთესო მოხსენება:

„ორსულთა რკინადეფიციტური ანემია საქართველოში: მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომები“- ნიტა ვერულავა და ქეთევან აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის IV კურსი.  სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ვერულავა

„კიბოსთან ბრძოლის ისტორია – პაპირუსიდან პერსონალიზებულ იმუნოთერაპიამდე“- ნიკოლოზ ქაჯაია და ვახტანგ კახიანი, მედიცინის ფაკულტეტი III კურსი. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა რეხვიაშვილი, თსსუ-ის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი

„აკადემიური მოსწრების ხარისხი სტუდენტის ფსიქოლოგიურ ტიპთან“-ლიზი სარჯველაძე, მედიცინის ფაკულტეტი V კურსი. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი გიორგი გელეიშვილი

კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ ეტაპობრივად, თსსუ-ის ყველა ფაკულტეტს მოიცავს. მომდევნო ღონისძიება 7 მაისს,  სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა  მოხსენებებს დაეთმობა. კონფერენციები ივნისის შუა რიცვხვებში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.