თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გრძელდება საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი – „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“.
ციკლის მორიგი ღონისძიება, 7 მაისს, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა. კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა ყიფიანმა, მან ხაზი გაუსვა სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა მსგავსი ინიციატივების მიმართ.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს სტომატოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევები და აქტუალური საკითხები. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები:
• „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავლენა თანკბილვის ანომალიების ჩამოყალიბებაზე“- მარიამ უთმელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი. (ხელმძღვანელი: ნათია ნაცვლიშვილი, თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი);
• „ბიოქიმიური პროცესების გავლენა პირის ღრუს ლორწოვან გარსზე“- ლუკა ლაცაბიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი. (ხელმძღვანელი: თამთა თოლორდავა, თსსუ-ის ბიოქიმიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი).
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებასა და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიული პროექტების განხორციელებას.
კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ ეტაპობრივად, თსსუ-ის ყველა ფაკულტეტს მოიცავს. მომდევნო ღონისძიება 16 მაისს, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა მოხსენებებს დაეთმობა. კონფერენციები ივნისის შუა რიცვხვებში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.