თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ყველაფერი ჰორმონების შესახებ“, რომელიც თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პლატფორმაა უკვე მესამედ ჩატარდა..
ღონისძიება გახსნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების მიმართულებით, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ, თსსუ-ის ემერიტუსმა პროფესორმა დავით მეტრეველმა და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა გორდელაძემ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ჰორმონების როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების და ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესებში. სტუდენტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი მოხსენებები ენდოკრინულ დაავადებებზე და მათი მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე, ასევე ჰორმონალურ დისბალანსზე და მის გავლენაზე სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ გამოცდილებაზე, ისტორიულ აღმოჩენებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებზე, რაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მიღმა მრავალფეროვანი ცოდნის მიღებისა და გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.
„ეს არის ენდოკრინოლოგიის გაცნობის გამოცდილება, სადაც სტუდენტები შეიმეცნებენ იმ საკითხებს, რაც შესაძლოა სახელმძღვანელოებში არ ეწეროს — იშვიათი კლინიკური შემთხვევები, აღმოჩენების ისტორია, ჰორმონების სისტემური როლი და ა.შ. ეს არის კლასიკური ენდოკრინოლოგიის მოდელი, რომლის გაცნობაც სტუდენტებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში.“ - აღნიშნა პროფესორმა მარინა გორდელაძემ. მისივე თქმით მომდევნო წლის კონფერენცია დაეთმობა იმ მნიშვნელოვან სამედიცინო კვლევებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე კლინიკურ გაიდლაინებსა და მტკიცებითი მედიცინის პრინციპების განვითარებას ენდოკრინოლოგიაში.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გლუკოზის კონცენტრაციის სკრინინგული განსაზღვრა სისხლში. სკრინინგის მიზანი იყო მონაწილეებში გლუკოზის დონის სწრაფი შეფასება და დიაბეტის რისკის იდენტიფიცირება.