ზურაბ ვადაჭკორია: ეს მართლაც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა

ზურაბ ვადაჭკორია: ეს მართლაც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა

მიმდინარე წლის 21 აპრილს  საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება; ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის. ამ ხელმოწერით  საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის  მიზანია "C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში" და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა უწოდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას: „ამ პროექტის მასშტაბი  მართლაც უპრეცედენტოდ დიდია და დიდ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გამო, მართლაც დიდი პრობლემის წინაშე იდგა. კეთილად დაგვირგვინდა  ბატონი  დავით სერგეენკოს და ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, რომელიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ეს მართლაც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა“.