ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციის და საქართველოში ჩეხეთის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციის და საქართველოში ჩეხეთის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2022 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია ჩეხეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები: რომან ქარუსი, ივო თრესელი, ანდრეი სიმეთა,  საქართველოში ჩეხეთის ელჩი  ბატონი პეტერ მიკისკა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა. მათი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კლინიკის ახალი, ხუთსართულიანი შენობის და მისი ინფრასტრუქტურის გაცნობა. 

სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ,  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში" პროექტის განხორციელების მიზნით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედება დაიგეგმა. 

კლინიკის ახალი კორპუსის მშენებლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დააფინანსა, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის აღჭურვას მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზაზე გაიხსნა ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისის საჭიროებისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის მეორე ეტაპს.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.