კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ინსულტის თანამედროვე გამოწვევები, რეაბილიტაცია და პერსპექტივები“

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ინსულტის თანამედროვე გამოწვევები, რეაბილიტაცია და პერსპექტივები“

2021 წლის 15 ოქტომბერს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა კონფერენცია  თემაზე: „ინსულტი - თანამედროვე გამოწვევები, რეალობა, რეაბილიტაცია და პერსპექტივები“.

კონფერენცია გახსნეს  კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა,  პროფესორმა სოფიო ბახტაძემ, ხოლო მომხსენებლები იყვნენ: თსსუ-ის პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, თსსუ-ის პროფესორი მარინე ჯანელიძე, თსუ-ის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირინე ხატიაშვილი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ელზა თათარაძე და კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა მიმართულების უფროსი სოფიკო შაგიძე.

კონფერენციაზე განიხილეს მწვავე იშემიური ინსულტის ეტიოპათოგენური მკურნალობა, ბოტულინის ტოქსინის გამოყენება ნევროლოგიაში, ინტერდისციპლინური მკურნალობის შედეგები კენ ვოლკერის კლინიკაში, ასევე ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ახალი გზები.

„ეს არის კონფერენცია, რომელიც არის მიმართული განვითარებაზე, განათლებაზე.
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ის მნიშვნელოვნად განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობების ფორმირებას ზრდასრულ მოსახლეობაში, შესაბამისად, ამ დაავადების სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია ეხმარება მოსახლეობას დაიბრუნოს სიცოცხლის ძველი რიტმი და კვლავ გახდეს სოციუმის სრულყოფილი წევრი. აქედან გამომდინარე, ამ დაავადების სწორი მართვა და რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლების დახმარებით ვცდილობთ ქართველ ექიმებს მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია აღნიშნული დაავადების მართვისა  და რეაბილიტაციის შესახებ“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კენ ვოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით ჩატარდა.