თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თსსუ-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნეს, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანადგომისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ასწლოვანი ისტორიის მქონე სამედიცინო განათლების, ტრადიციის და ამავდროულად, თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების საუკეთესო სინთეზია. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პერმანენტულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოები და  ის არ შეწყვეტილა პანდემიის პერიოდშიც. 

ყველა აღნიშნული პროექტი განხორციელდა თქვენი აქტიური თანადგომით, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ და იმედი გვაქვს თქვენი ქმედითი მხარდაჭერის მომავალ წამოწყებებში”, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ამის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ Horizon Europe-ის ოფისი დღეს უკვე აქ, უდიდესი ტრადიციების მქონე სამედიცინო უნივერსიტეტში გავხსენით, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს. სწორედ ამ უნივერსიტეტის წიაღში აღზრდილი ექიმების პროფესიონალიზმი და მუხლჩაუხრელი შრომა მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

მსურს უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ისინი ჭეშმარიტად ჩვენი დროის გმირები არიან. სწორედ ჩვენი ექიმები აღმოჩნდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ კორონავირუსის ეფექტიანად მართვას არა მხოლოდ ღვაწლმოსილი პროფესორები, არამედ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელი სტუდენტებიც შეუერთდნენ. დარწმუნებული ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ სახელოვან თაობას აღზრდის, რომლებიც თავდადების ისეთივე მაგალითს აჩვენებენ, რისი მომსწრენიც პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ერთად გავხდით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობებს ძალიან ნაყოფიერად გამოიყენებთ. ყველას მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს!“,- განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით ასევე წარდგნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სოფიო ბახტაძე და უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი თამარ გვასალია.