დროსა და სივრცეში დანახული მედიცინა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საიუბილეო საღამო გაიმართა

დროსა და სივრცეში დანახული მედიცინა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საიუბილეო საღამო გაიმართა

2023 წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო საღამო „დროსა და სივრცეში დანახული მედიცინა“.

ღონისძიება ეძღვნებოდა მედიცინის ისტორიის კათედრის (დეპარტამენტის) დაარსებიდან 80, ხოლო მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დაარსებიდან 60 წელს. 

ღონისძიებას უძღვებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი, პროფესორი რამაზ შენგელია, რომელმაც აუდიტორიას მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის მრავალწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

პროფესორმა რამაზ შენგელიამ, ასევე, ისაუბრა მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის, მის საკუთრებაში არსებული უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტების, მედეას ეპოქაში და ზოგადად, კოლხურ-იბერიულ  მედიცინაში არსებული მასალების და საქართველოში სამედიცინო და ბიოლოგიური აზროვნების განვითარების ისტორიის შესახებ. აღინიშნა, რომ მე-19 საუკუნის დროინდელ შენობაში განთავსებულ მუზეუმში არსებული უნიკალური ექსპონატები და არტეფაქტები 40-ზე მეტი ექსპედიციის შედეგადაა მოპოვებული და 19 000-მდე სამუზეუმო ერთეულს ითვლის. მუზეუმის დარბაზებში კი გამოფენილია 300-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი.

ასევე, საიუბილეო საღამოზე აუდიტორიის წინაშე  მოხსენებით წარსდგნენ: თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი მარინე გურგენიძე, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნანა ხელაია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე სანიკიძე. 

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, თსსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და სხვა საპატიო სტუმრები.