ნიკა გვაზავა, რომელიც Forbes Georgia-ს პროექტის - 30 UNDER 30 - საუკეთესო ლიდერებში დასახელდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია

ნიკა გვაზავა, რომელიც Forbes Georgia-ს პროექტის - 30 UNDER 30 - საუკეთესო ლიდერებში დასახელდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია

ნიკა გვაზავა, რომელიც Forbes Georgia-ს პროექტის - 30 UNDER 30 - მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდებში საუკეთესო ხუთეულში შევიდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

ნიკა ამჟამად ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დოქტორანტია (Lund Stem Cell Center, Faculty of Medicine, Lund University).

„ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ ჩემი ქვეყნის წინაშე. ეს დიდი აღიარება და მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, მეცნიერების დარგში. მეცნიერებას დიდი შრომა სჭირდება და ნაყოფი გარკვეული დროის შემდეგ მიიღება. 

ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა და ამიტომაც ჩავაბარე თსსუ-ში, შემდეგ მივხვდი, რომ მეცნიერება მიზიდავდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა განათლებასთან ერთად პირადი ურთიერთობები და ადამიანები მაჩუქა, ვთვლი, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი შენაძენია, მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. 

სტუდენტებს მინდა ვურჩიო, რომ არასოდეს დანებდნენ. პირველი დამარცხება არაფერს ნიშნავს, დამარცხება არ არსებობს, თუ მიზანმიმართულად გააგრძელებთ თქვენს საქმეს. ჯანსაღი კრიტიკა უნდა მივიღოთ და ვიცოდეთ მისი გამოყენება. იყავით ამბიციურები, მაგრამ იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენი წარმატებისთვის და აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს მენტორებს.

ზოგადად მედიცინაში და მით უმეტეს მეცნიერებაში ასეა, რაც არ უნდა კარგად იცოდე საგანი, გამოცდილება გჭირდება, რაც დროსთან ერთად მოდის. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ჩემი ალმა მატერი. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მეორე დღეს აუცილებლად მოვდივარ უნივერსიტეტში. მადლიერი ვარ ყველა ჩემი პროფესორ-მასწავლებლის, ყველა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მუდმივად ვუზიარებ ჩემს სამეცნიერო დილემებს და ვიცი, რომ ისინი ისეთ რჩევებს მომცემენ, რომელიც ძალიან გამომადგება“, - ამბობს ნიკა გვაზავა. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის კურსდამთავრებული, როგორც მეცნიერი ექსპერტი დღესაც მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. 

„ნიკას არც ერთი წუთით არ გაუწყვეტია კავშირი ჩვენთან. დღეს ის მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ჩართულია დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაში. ის ეხმარება სტუდენტებს სამეცნიერო უნარ-ჩვევების შეძენაში. მართლაც  დიდ სამსახურს გვიწევს ნიკა სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად. ის, როგორც მეცნიერი ექსპერტი, სტუდენტების მიერ დაწერილი პროექტების შეფასებაში მონაწილეობს. 

ნიკოლოზს ვულოცავ წარმატებებს და მინდა აღვნიშნო, რომ მან ბევრი იშრომა ამისთვის. თავიდანვე, პირველივე სემესტრიდან მიიქცია ყველას ყურადღება. ძალიან აქტიური სტუდენტი იყო, გამოირჩეოდა კარგი კომუნიკაციის, ასევე ანალიზის უნარით. ეს შესაძლებლობას აძლევდა სწავლასთან ერთად ბევრი სხვა საქმეც ეკეთებინა“, - ამბობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ჩიქოვანი. 



ცნობისთვის, Forbes Georgia-მ პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები შეარჩია. 2023 წლის სიაში ახალგაზრდებმა ადგილი თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე დაიკავეს. Forbes-ის 30-წლამდელთა სიის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი და უნიკალური ხედვის მქონე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც წარმოგვიდგენენ მიღწევებისა და ძალისხმევის მრავალფეროვან დიაპაზონს, რაც მედეგობითა და წარმატებული საქმიანობით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე.