შარიტეს უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

შარიტეს უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საპატიო სტუმრები ეწვივნენ. შარიტეს (გერმანია) სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის აკადემიური პერსონალი და ხელმძღვანელობა, რომლებმაც, ERASMUAS+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, თსსუ-ის ცისფერ დარბაზში ლექციები წაიკითხეს სტუდენტებისთვის, მოინახულეს უნივერსიტეტის კლინიკები. გერმანელი პროფესორების ვიზიტს წინ უძღოდა თსსუ-ის დელეგაციის სტუმრობა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში. 

სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელთან პროფესორ ნინო აბრალავასთან. შეხვედრაზე მხარეებმა  განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები, ისაუბრეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე. ოფიციალურ მიღებაზე სტუმრებს შეხვდნენ და პრეზენტაციები წარადგინეს პროფესორებმა ნინო აბრალავამ, გია თომაძემ და ERASMUAS+ თსსუ-ის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა, მიღებას ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის აკადამიური პერსონალი და ERASMUS+-ის ყოფილი სტიპენდიატები.

სტუმრებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD-ის ხელმძღვანელი ბ-ნი გებჰარდ როილი.

ამავე შეხვედრაზე სტუმრებს სერტიფიკატები გადასცეს: უცხოური ენების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნინო აბრალავამ, ERASMUAS+ ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, ნინო კანდელაკმა.

23 მაისს თსსუ-ის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ შარიტეს სამედიცინი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ლექციები:“ბუნებრივი და ხელოვნური სამკურნალო საშუალებები” (პროფესორი ჰანს ბაუმლერი); -“პულმონარული ინფექციების დივერსიფიკაცია– ინჰიბიცია” (მარკუს ბრეკი);  “რესპირატორული ანთების მოდელები“ (სანდრა ვიენჰოლდი); “პნევმონიის მქონე თაგვი –  მოდელებზე ჩატარებული კვლევების  შედეგები“ (ჯერალდინ ნუელესი); “პათომექანიზმები პნევმოკოკური პნევმონიით -გამოწვეული ფილტვის მწვავე დაზიანების დროს“ (ბრიგიტ გუტბერი);  “ინტერვენციული რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში  - სად  ვიმყოფებით და რას უნდა ველოდეთ?“ (ფლორიან ნიმა ფლექენშტეინი);  “იმპლანტთან ასოცირებული ინფექციების თანამედროვე ასპექტები (ურთიერთდამოკიდებულება - ლაბორატორიიდან კლინიკამდე)” (დოქტორი  თამთა თხილაშვილი);  

შემაჯამებელ შეხვედრაზე შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელობამ, თსსუ-ის ERASMUS+-ის კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა და უცხოური ენების ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ნინო აბრალავამ განიხილეს 2019-2021 წლების პროგრამის დეტალები: შემდეგი ორი წლის განმავლობაში სტუდენტების და პროფესორების მობილობის რაოდენობა და ვადები.  

გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები ქართველ სტუდენტებს, რეზიდენტებსა და ექიმებს ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებას მისცემს.