მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საქმიანი შეხვედრა სამედიცინო საქმიანობის შესახებ საექსპერტო დასკვნების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესორი ზაზა ბოხუა; სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია; საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე; სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელები, სამედიცინო დარგების პროფესიონალი ექსპერტები...
შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე. მან აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სამედიცინო დოკუმენტაციის ობიექტური და პრინციპული რეცენზირება. როგორც საზოგადოებამ იცის, მასმედიით ხშირად ხდება ამა თუ იმ სამედიცინო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამას ძალიან დიდი რეზონანსი აქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია ამ დროს არც პაციენტის უფლებები შეილახოს და არც ექიმი დაზარალდეს უსაფუძვლოდ: „ჩვენ თქვენი კომპეტენციის და პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს. ვიცი, ძალიან ბევრი სამედიცინო დასკვნა გაქვთ დაწერილი და ამ დიდ საქმეს არა მატერიალური დაინტერესების გამო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ემსახურებით. გვინდა, კიდევ უფრო დაიხვეწოს და კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს დასკვნები, რომლებსაც თქვენ გამოიტანთ. ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, რომ იყოს სისტემური მზაობა ყველა შემთხვევის შესახებ ობიექტური და პრინციპული შეფასების გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ გვინდა ჩავერთოთ დისკუსიაში, მოვისმინოთ თქვენი აზრი, ვუპასუხოთ შეკითხვებს, გავითვალისწინოთ თქვენი არგუმენტები მომავალ საპასუხისმგებლო სამუშაო პროცესის სრულყოფის თვალსაზრისით“, _ აღნიშნა მან...
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, პაატა ბუკიამ მიმოიხილა სამედიცინო მომსახურების ხარისხის ექსპერტირების საკითხები, ისაუბრა როგორც ამ სფეროში დაწერილ საჩივრებზე რეაგირებაზე, ისე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო კომპეტენტურ დასკვნებზე.
აუდიტორიას მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ბოხუამ; მან ისაუბრა სარეცენზიო დასკვნების პრინციპულ მნიშვნელობაზე და მის როლზე სამედიცინო მომსახურების სფეროს გაუმჯობესების საქმეში.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ექიმისა და პაციენტის უფლებების ზედმიწევნითი დაცვა და ობიექტური რეცენზირება ისეთი სენსიტიური შემთხვევებისა, რომლებსაც შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ზოგადად მედიკოსთა ავტორიტეტზე.
დაინტერესება ძალიან დიდი იყო. დისკუსიაში ჩაერთნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, მოქმედი პრაქტიკოსი ექიმი-ექსპერტები, რომელთა შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გაეცა.
დისკუსიის დასრულების შემდეგ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს მცირე პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ.
დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.