თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ლაშა მსხილაძის ვიზიტი ავსტრიაში

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ლაშა მსხილაძის ვიზიტი ავსტრიაში

2023 წლის 16-21 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე, ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა  სამინისტროს ოფიციალური მიწვევით, იმყოფებოდა ვენასა და ინსბრუკში. ვიზიტის ფარგლებში ლაშა მსხილაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში  „ავსტრიის ლიდერების პროგრამები -15“ (ALPS-15)

პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა პროფესიის ლიდერების შეკრებას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ავსტრიის ფედერალურ რესპუბლიკას გააჩნია დიპლომატიური კავშირი. 

2023 წელს ALPS-15-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა მსოფლიოს 21 ქვეყნის: ავსტრალიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბრაზილიის, ჩილეს, ჩინეთის, კოლუმბიის, ეგვიპტის, ეთიოპიის, საქართველოს, იამაიკის, კოსოვოს, ლიბანის, მოლდოვის, მონტენეგროს, პაკისტანის, სენეგალის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ის წარმატებული წარმომადგენლები, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები აქვთ საგანმანათლებლო/სამეცნიერო საქმიანობაში, ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებაში.

,,ALPS-15-ში შერჩეულ მონაწილეებს  შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით ავსტრიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც პრეზენტაციებით და ადგილზე ვიზიტებით გაგვაცნეს და გაგვიზიარეს ავსტრიის მიღწევები ეკონომიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროებში. პროგრამის მონაწილეებმა ვისაუბრეთ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე. შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე და მათი განვითარების შესაძლებლობების გზებზე“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ. 

ლაშა მსხილაძის განცხადებით, მივლინებისას მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ავსტრიის სამეცნიერო და ეკონომიკურ პოტენციალს, შეხვედრები გაემართა ქვეყნის სამთავრობო სააგენტოებში - ,,მივლინების პერიოდში გვქონდა ვიზიტები: ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში; ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკურ პალატაში; ავსტრიის მრეწველობის ფედერაციაში; ავსტრიის ბიზნესის სააგენტოში; ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში; ვენის ბიოცენტრში; კომპანია Valneva-ში (ვაქცინების შემუშავებისა და წარმოების კომპანია); ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ინსბრუკის კვანტური ოპტიკისა და კვანტური ინფორმაციის ინსტიტუტში; კომპანია "MED-EL"-ში (მსოფლიოში სმენის იმპლანტაციის წამყვანი კომპანია); კომპანია "Werkstätte Wattens"-ში (საერთაშორისო ბიზნესისა და კრეატიულობის ცენტრი); Swarovski-ის კრისტალური სამყაროს მუზეუმში; კომპანია Novartis-ში (ავსტრიის სიცოცხლის მეცნიერებისა და ფარმაცევტული სექტორის უმსხვილესი კომპანია) გაეროს შტაბ-ბინაში (გაეროს-ქალაქი/ვენის საერთაშორისო ცენტრში, UNO-City / Vienna International Centre)“.

პროგრამის დასასრულს ლაშა მსხილაძე დაესწრო მსოფლიოს 21 ქვეყნის წარმატებული ლიდერების დაჯილდოების ცერემონიალს, რომელსაც ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ეკონომიკურ საკითხებში, ბატონი თომას ობერაიტერი ხელმძღვანელობდა. დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეული იყო მსოფლიოს 21 ქვეყნის ელჩი ავსტრიაში. 

,,მადლიერებით მინდა აღვნიშნო, საქართველოში ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს მხრიდან ჩემი კანდიდატურის შერჩევა და წარდგინება ALPS-ზე; ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა  სამინისტროს მიღება და მასპინძლობა; ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანადგომა და თსსუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების საქმეში“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ.