თსსუ-ის სტუდენტები გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში

თსსუ-ის სტუდენტები გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ელენე მირიანაშვილი და საბა ფრუიძე ბერლინის შარიტეს სამედიცინო (Charite) უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

3 თვიანი პრაქტიკული მუშაობის პროცესში ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტები იყვნენ შინაგანი მედიცინის, ქირურგიის, ნევროლოგიის, გენეტიკის, ონკოლოგიის, პულმონოლოგიის, ონკოქირურგიის, კარდიოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებებში.

„ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც გერმანიაში, ბერილინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიღე.

პრაქტიკული მუშაობის კურსები გავიარე შინაგანი მედიცინის, ქირურგიის, ნევროლოგიის, გენეტიკისა და ონკოლოგიის განყოფილებებში.

აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა მომავალი პროფესიის არჩევაში. აქამდე არ ვიყავი დარწმუნებული, რა მიმართულებით გამეგრძელებინა პროფესიული განვითარება, თუმცა შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიის მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტებს ვურჩევ განავითარონ გერმანული ენა, რომლის ცოდნა ძალიან დაეხმარებათ, როგორც სამედიცინო პრაქტიკაში, ასევე გარემოსთან ადაპტირებაში“, - ამბობს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე მირიანაშვილი.

„ვინც მედიცინის სფეროში მოღვაწეობს, ყველამ იცის ბერლინის შარიტე და მისი საუნივერსიტეტო კლინიკები, რომლებიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. იქ მოხვედრის და პრაქტიკის გავლის დიდი სურვილი მქონდა, მალე ეს შესაძლებლობა მომეცა. 

გავეცანი იმ მეთოდებს, რომლებსაც კლინიკაში იყენებენ ექიმები პაციენტებთან ურთიერთობის პროცესში. ეს მართლაც ძალიან დიდი, საუკეთესო გამოცდილების მომცემი იყო. 

ისეთ განყოფილებებშიც მომიწია სტაჟირებამ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროს ავირჩევ, იქ მიღებული გამოცდილება ყველგან გამომადგება. ვიყავი პულმოლოგიის, ონკო ქირურგიის, კარდიოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებებში.

ვფიქრობ, რომ ბერილინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარა იმ თეორიული მასალის უკეთ გამყარებასა და გამოყენებაში, რომელიც შარიტეში წასვლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შევიძინე. 

აქვე აღვნიშნავ, რომ სამედიცინო გერმანულის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მუშაობის პროცესში, ინტეგრირებაში ეხმარება სტუდენტს. სამედიცინო გერმანულის სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია, შესაბამისად ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“ - ამბობს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი საბა ფრუიძე.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ პროგრამას დაემატა მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტი (გერმანია), სადაც ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: ანა ჭოჭუა და ნინო ვარდოსანიძე იმყოფება. თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ორთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან. 

ცნობისთვის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 20-ზე მეტი სტუდენტი გადის კლინიკურ სტაჟირებას.