თსსუ-ის სტუდენტები მაგდებურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

თსსუ-ის სტუდენტები მაგდებურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

Erasmus+ პროექტის ფარგლებში, მობილობით მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტში (გერმანია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორი სტუდენტი: ანა ჭაჭუა და ნინო ვარდოსანიძე იმყოფებოდა. 

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ორთვიანი კლინიკური სტაჟირება მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა განყოფილებაში გაიარეს. 


„ჩემი სტაჟირების პირველი ეტაპი ზოგად ქირურგიაში მოიცავდა სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებასაც, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. შემდეგ ვიყავი თერაპიულ განყოფილებაში. 

ყოველდღიურად ექიმებთან ერთად ვასრულებდი შემოვლას, მქონდა პაციენტებთან კომუნიკაცია. ასევე ვესწრებოდი შემთხვევათა განხილვებს, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო, ვინაიდან ვისმენდი სხვადასხვა სფეროს ექიმების მოსაზრებებს ამა თუ იმ დაავადებების შესახებ. 

დღის მეორე ნახევარში საშუალება მქონდა, დავსწრებოდი ოპერაციებს და ასისტირება გამეწია ქირურგებისთვის. დავესწარი ოპერაციასაც ღია გულზე. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. აქაც, საშუალება მქონდა, ასისტირება გამეწია ქირურგებისთვის. 

მინდა აღვნიშნო, რომ საზღვარგარეთ და ამ შემთხვევაში გერმანიაში კლინიკური სტაჟირების დაწყებას კარგად მომზადება სჭირდება, განსაკუთრებით ენის კუთხით. უმნიშვნელოვანესია, რომ გარკვეული ტიპის სამედიცინო ლექსიკას ფლობდეს სტუდენტი. ის რესურსი, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს უცხოური ენების ცენტრის სახით, ვფიქრობ, სტუდენტებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ“, - ამბობს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ანა ჭაჭუა.

„მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩემი ორთვიანი სტაჟირება მოიცავდა მუშაობას სხვადასხვა განყოფილებაში: გასტროენტეროლოგია, ზოგადი ქირურგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია და ონკოლოგია. ამ დროის მანძილზე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს ექიმებმა და მეც ყოველდღიურად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვასრულებდი სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციას. ეს იყო თირკმლის ბიოფსია, ძვლის ტვინის პუნქცია, ლიქვორის პუნქცია და ა.შ. ვატარებდი ულტრაბგერით გამოკვლევას დამოუკიდებლად, პაციენტებს ვუღებდი ელექტროკარდიოგრამას და შემდეგ ექიმებთან ერთად განვიხილავდი თითოეულ შემთხვევას. ქირურგიის განყოფილებაში ასისტირებას ვუწევდი ექიმებს. ყოველდღიური შემოვლისას ვიღებდი სისხლს, ვდგამდი კათეტერს, ვაგროვებდი ანამნეზს.

არ მეგონა, თუ ორ თვეში ამდენი რამის სწავლა იყო შესაძლებელი პრაქტიკული  მიმართულებით.

კლინიკაში ჩემი აქტიური ჩართულობისთვის საჩუქრებიც კი მივიღე და სამახსოვროდ წერილიც დამიწერეს, რომელსაც ყველა ექიმმა მოაწერა ხელი.

ძალიან დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის. მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე“, - ამბობს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ვარდოსანიძე.